გიგლა აგულაშვილი ბორჯომის ე.წ პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მიმდინარეობას გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც  ბორჯომის ე.წ პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინეტერსებულ პირებთან ერთად გაეცნო.

სანიტარული ჭრები ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს.

სამცხე-ჯავახეთი და განსაკუთრებით ბორჯომის პლატო წარმოადგენს მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების არეალს. მავნე მწერმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წიწვოვან კორომებს. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით – ტერიტორიაზე განთავსებულია 5000 ცალი მწერსაჭერი, რომელთა მონიტორინგი სპეციალისტების მიერ პერმანენტულად ხორციელდება, მიუხედვად ბრძოლის ღონისძიებების შედეგად ხმობის ინტენსივობის კლებისა, საუკეთესო შედეგის მიღებისა და მავნებლის სრულად ლიკვიდიციისათვის აუცილებელობას წარმოადგენს ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება, მათ შორის სანიტარული ჭრების განხორციელება, რაც რეკომენდირებულია სატყეო-პათოლოგიური შესწავლითა და 2015 წელს ბრძოლის ღონისძიების შეფასების დოკუმენტით.

2015 წელს პლატოს ტერიტორიაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით განხორციელდა სანიტარული ჭრა 1320 კბმ მოცულობით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გაუნაწილდა, ხოლო, მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ დაქირავებული კომპანია 3400 კბმ-ს დაამზადებს და ჩააბარებს სააგენტოს, ხოლო სააგენტო მიღებულ მერქნულ რესურსს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ღია აუქციონის მეშვეობით განკარგავს.

კომენტარის დატოვება