“რა ფორმა და მასშტაბიც მიიღო ომის თემამ წინასაარჩევნო კამპანიისას, ყველა ზღვარს გადასცდა”

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

-მეორე დაპირებული წინასასრჩევნო თემა ომს შეეხება.
წლებია ვწერ და ვამბობ, რომ ომის, დეოკუპაციის საკითხები გავიტანოთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების, ვიწროპოლიტიკური ინტერესების დღის წესრიგიდან.
არ გვესმის.

ბოლო პერიოდში ერთი დასკვნა გამოვიტანე, საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ომის დროინდელი სამხედრო თუ სამოქალაქო ჩინოვნიკებისთვის დამცავ ფარად იქცა. ამ სასამართლოების საბაბით ომი ვერ უნდა განვიხილოთ.

მგონი ყველამ წაიკითხეთ, რომ ძირითადი კანდიდატის მიმართ საჯაროდ გამოვხატე, ფრთხილად მოეკიდონ ომის თემაზე საუბარს, რათა სასამართლო პროცესებს ზიანი არ მივაყენოთ-მეთქი. ამ საკითხზე ბევრჯერ მისაუბრია და ჩემი პოზიცია ცნობილია.

მაგრამ, რა ფორმა და მასშტაბიც მიიღო ომის თემამ წინასაარჩევნო კამპანიისას, ყველა ზღვარს გადასცდა.

თუ ერთი კანდიდატის მხრიდან რაიმე განცხადებას შეეძლო ზიანი მოეტანა, ამ სამთვიანმა აჟიოტაჟმა ათასჯერ მეტი ეფექტი გამოიწვია. თუ საზიანო იყო, ამდენი არ უნდა გვეხმაურა და გვემტკიცებინა, თუ ვიხმაურეთ, ე.ი. არ ყოფილა საზიანო.

სანამ ბლოგს დავასრულებ, ბევრჯერ დამიწერია აქ და კიდევ დავდებ დათას და მუშნის შეხვედრის ამონარიდს წიგნიდან, რომელსაც გასართობად ვუცქერით და ვკითხულობთ. დაკარგეთ ერთი-ორი წუთი:

“– კიდევ თუ დაგიბარა მუშნიმ სადმე და მის ძმობაში ეჭვი შეგეპარა – იარაღით მიდი იქ, თუ მოხდა მუხთლობა, იარაღი გექნება თან, დააღწიე ხაფანგს თავი – შენი ხელობაა მაგ – წადი გადასაკარგავში და თუ დარწმუნდი, რომ მუშნის ხელით იყო ის მუხთლობა, ქენი საქნელი, მარა ისე, რომ მიზეზი ვერ გაიგოს ვერავინ. წესიერ ოჯახში ერთი თუ გამოვიდა ბოროტი და უხსენებელი, იმ ოჯახის მეორე კაცს არ აქვს უფლება, ერთის ბოროტება მთელი ოჯახისა და მოდგმის სახელად და სალანძღავად აქციოს. ოჯახის სახელი სუფთა უნდა დარჩეს ხალხის და მომავლის თვალში. გასწავლიდით მე თქვენ: შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის! სწორად ცხოვრება თუ გინდა – ეს არის დათა, და შენც გეხება, მუშნი, რაც ვილაპარაკე.

– ვთქვი მე უკვე და ახლა თქვენ ბრძანეთ, ბაბა: ძმასთან პაემანზე საჭურვლით მისვლა ძმის შეურაცხყოფა ხომ იქნებოდა? – მიმართა დათამ.

– იქნებოდა… – მუშნიმ ჩარევა დააპირა, მარა დათამ ხელი აწია:

– ერთ წამს მაცალე… შემთხვევა რომ თქვა მუშნიმ! ის იქნება თუ სხვა რამ, ხომ შეიძლება მოხდეს?

– ყველაფერი ხდება, – დაუდასტურა მაგალიმ.

– მოვხვდი ისეთ ვითარებაში, რომ უნდა მეცნენ და გამიკოჭონ ხელები!.. ხალხი უეჭველად იმას იტყვის, – ძმამ ძმა გაისტუმრა კატორღაში თუ სახრჩობელაზეო, და ასეთ ამბავში რა ურჩევნია ადამიანობას?..

– ადამიანობას? – შეაწყვეტინა მაგალიმ. – ადამიანობას ის ურჩევნია, რომ გაგიკოჭონ ხელები და სანამდე სახრჩობელაზე გაგიყვანენ, იძახო ქვეყანაზე და არწმუნო ყველა, – ძმა არაფერ შუაშია აქ, ჩემი ძმის მტრების ხელით მოხდა ესო!

– კაი, ბაბა, მაგრამ ჩემი ადგილი! ჩემი გონებისა და გულის ადგილი, სანამდე ჩამომახრჩობდნენ, იქამდე მაინც, თუა სადმე?

– მასეთი გზა და სავალი გარგუნა მაღალმა ღმერთმა,– წამებაა შენი ადგილი! ცხოვრების მიზანი გაქვს ისეთი, რომ ღირს წამებად. მაგ საქციელში, – მაგალიმ უბეზე მიანიშნა დათას, – მხოლოდ შენს თავზე, შენი გონებისა და გულის ადგილზე გაქვს ნაფიქრი, დათა, და შედეგზე ჩაგიქნევია ხელი…”

სახელმწიფო მოღვაწეობაზე რომ აქვს პრეტენზია ადამიანს, ამ წესებით უნდა ცხოვრობდეს. თუ ფიქრობს, რომ ვინმეს რაიმე შეეშალა და ეს მის ქვეყანას ავნებს, ის უნდა იძახოს და იმაში არწმუნოს ყველა, რაც ქვეყნისთვის იქნება სარგებელი და არა პირიქით.

თუმცა, საკითხავია ვის ეთქმის სხვის მავნებლობაზე და ვის არა.

ამ დღეებში თვალი გადავავლე ომის დღეების და წინა პერიოდის ვიდეო მასალებს. ჯერ გრადების ვიდეოს რომ იღებდით და ონლაინში აშუქებდით, ფიქრობდით რამეზე? მსგავსი გინახავთ ოდესმე? ან ლომაია პირდაპირ ეთერში რომ გადასცემდა ფრონტის ხაზის კოორდინატებს, ესა და ეს სოფლები ავიღეთო, ღალატი დავარქვათ თუ არაკვალიფიციურობა? თბილავიამშენში პირველ დაბომბვაზე პრესკონფერენცია გავმართეთ დაბომბეს რუსებმა და ვერ მოარტყესო, რუსებმა მეორედ დაბომბეს და ისევ იმავეს აპირებდით. ან რატომ ვთქვით ხმამაღლა, რომ რუსეთმა ოპერაცია 8-ში დაიწყოო, როცა ჩემი შეფასებით ივლისში დაიწყეს? მსგავსი რამდენი?! გაჩუმება ან ერთ პოზიციაზე დგომა არ სჯობს?

უფრო ღრმად აღარ განვიხილავ და არც ვინმეს გამართლებას შევუდგები წინასაარჩევნოდ, არც დადანაშაულებას.

მერამდენედ ვწერ, 2008 წლის ომი გვახსენდება 8 აგვისტოს და გვავიწყდება 13-ში, ან გვახსენდება არჩევნების წინ.

დასრულდა დღეს წინასაარჩევნო ხმაური და დავმშვიდდით ჩვენც. ხვალ ბედნიერი დღეა – სიჩუმის.

სანამ ომს ახლიდან არ შევაფასებთ, სანამ დეოკუპაციის, სანამ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე კინკლაობას არ შევეშვებით ამ საკითხებში წარმატება არ გვიწერია.