„პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე…”

პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე. მათ შორის, სამთავრობო დონეზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური გუნდი იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ეს არის სოციალური მდგომარეობა. ადამიანებს ამ მიმართულებით მეტი დინამიკა, მეტი ტემპი სჭირდებათ. „ქართული ოცნების“ მთავარი გამოწვევა არის მოქალაქეებთან კოორდინაცია სწრაფად და მეტად განახორციელოს. ასევე, გარკვეული საკითხები დაკავშირებულია მენეჯმენტთან, მათ შორის კომუნიკაციის კუთხით. ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რასაც ვაკეთებთ, ისიც არ მიდის საზოგადოებამდე. მინისტრების ცვლილებაზე საუბარი არ არის. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა და იმედი გვაქვს ეკონომიკური გუნდი შეძლებს იმ გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს, რომელიც მოსახლეობამ ამ არჩევნებზე გამოგვიგზავნა“, – თქვა მდინარაძემ.