ყველასგან მიტოვებული აფხაზეთის ომის ვეტერანი (ვიდეო)

რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში მარინა ნაჭყებიას სტატუსი ვნახეთ, რომელსაც თან ფოტო ახლდა.

„ხარაგაულის რაიონი. სოფელი ლახუნდარა. მურმანი ხიჯაკაძე.

საქართველოს მთავრობავ, ეს კაცი აფხაზეთის ომის ვეტერანია,სამი შვილის მამა,აი ამ მდგომარეობაში იმყოფება. დეპუტატებო პარლამენტში და თავდაცვის მინისტრო,ყველამ ნახეთ და მერე არ თქვათ, არ ვიცოდითო!“-წერდა ქალბატონი მარინა.

ცოტა ხნის შემდეგ კი ბატონ მურმანზე სიუჟეტი მოამზადა პორტალმა BULVARI.GE-მ. მასალას უცვლელად გთავაზობთ.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ლახუნჯარაში ცხოვრობს მრავალშვილიანი მამა, რომელიც არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, უნარშეზღუდული პირი, მას ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს და ამავდროულად დაავადებულია დიაბეტით, მაგრამ ამ ყველაფერს ის არ შეუშინებია, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, რომელიც აქტიუად უძღვება სოფლის მეურნეობას. სწორედ ის არის ადამიანი, რომელმაც დაგვიმტკიცა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და შეუძლებელი არაფერია“

-„მურმან ხიჯაკაძე ვარ, ვცხოვრობ სოფელ ლახუნჯაურში, დაოჯახებული ვარ, მყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, ვაჟიშვილი წლების წინ დავკარგე, ახლა 18 წლის იქნებოდა, არაფერი დაგვიკლია 3 წელი ვიბრძოდით, რომ მისი სიცოცლე გადაგვერჩინა, მაგრამ დღეს ის ჩვენთან არ არის. ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი. როგორც ხედავთ არ მაქვს ფეხები, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველანაირად ვცდილობ ვარჩინო ოჯახი, ვეწევი სოფლის მეურნეობას, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია.
როგორც ვიცით, ხართ დიაბეტით დაავადებული, ამან გამოიწვია ფეხების ამპუტირება?
დიახ, დიაბეტი მჭირს, 2000წელს 10 დღე ვიყავი კომაში, შემდეგ გაირკვა, რომ მჭირდა დიაბეტი, სამწუხაროდ ახლაც ხშირად ვვარდები კომაში და ჩემი მეუღლე მუდამ ცდილობს ჩემს გადარჩენას. შემდეგ 2007 წელს დამჭირდა, რომ ერთი ფეხი მომეჭრა, 2014 წელს კი მეორე ფეხიც დავკარგე, მას შემდეგ ასეთ მდგომარეობაში ვარ, მომცეს ეტლი, მაგრამ ვერ ვხმარობ ეტლს და ხელებით ვცდილობ სიარულს, ყოველდღე ვიკეთებ ინსულინს, ნამდვილად არ გვაქვს ოჯახში იმის საშუალება, რომ წავიდე თბილისში და იქ გავიკეთო გამოკვლევები, ბოლოს კონსულტაციაზე მაისის თვეში ვიყავი. მოგეხსენებათ ბავშვებს და ოჯახს ბევრი უნდა, ნამდვილად არ გვყოფნის ჩემი პენსია და დახმარება, მაგრამ სულ არაფერს კი ჯობია, სოციალურად ნამდვილად მძიმე მდგომარეობა გვაქვს,მეორე გოგო წელს მიდის სკოლაში, ბავშვებს მართლაც ბევრი უნდათ.

– მისდევთ სოფლის მეურნეობას, როგორ ახერხებთ ამყველაფერს?

-იმით, რომ საწოლზე მივეჯაჭვო არაფერი გამოვა, ასერომ ყველანაირად ვცდილობ ვიშრომო, გვაქვს ვენახი, რომელსაც ვუვლი, დღესაც ნათესავი დამეხმარა წავედით და ურმით შეშა მოვზიდეთ, სხვა გზა არ გვაქვს უნდა ვიშრომოთ, სახლში მომყავს ბოსტნეული, ვუვლი და ვცდილობ, რომ ჩემს შვილებს ცოტაოდენი ჩემი შრომით გავუუმჯობესო ცხოვრება.

-რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მსგავს მდგომარეობაში არიან?

-პირველ რიგში ვეტყოდი, რომ არ მოდუნდნენ, შეძლონ და დაძლიონ ფსიქოლოგიური სტრესი, არ მოეშვან და იშრომონ, ეს ყველაფერს ჯობია.

ჩვენ კი დავამატებთ – მურმან ხიჯაკაძის ისტორია არავის დატოვებს გულგრილს. იმედს ვიტოვებთ ვეტერანის გაჭირვება მთავრობის ყურამდეც მივა და ვეტერანთა დეპარტამენტამდეც, მაჟორიტარამდეც, გამგებლამდეც და რაც მთავარია, იმ ადამიანებამდე მივა, რომლებსაც ყოველგვარი მოწოდების გარეშე გაუჩნდებათ დახმარების სურვილი.

კომენტარის დატოვება