“ბანმა თხარა თხარაო, კობა გამოთხარაო” – დავითაშვილის პასუხი ბურჭულაძეს

საჯარო ცილისწამებისთვის პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა. წინამოსამზადებელ სხდომაზე მსოფლიო ბანის ადვოკატმა ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის სახით მოითხოვა, რაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.

საქმე ეხება 17 ივლისს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ მასალას, სადაც დავითაშვილმა ბურჭულაძე ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო თანხის მითვისებაში დაადანაშაულა.

განცხადება მედიასთან  კობა დავითაშვილმა გააკეთა.

„რატომ ჩათვალა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, რომ კობა დავითაშვილია დაბალი ღობე და მას უნდა უჩივლოს, როდესაც ვახტანგ კომახიძე იმ ფილმების ავტორი, რომელსაც მეც ვეყრდნობი ჩემს განცხადებებში, რომელიც ადასტურებს, რომ ბატონმა პაატამ ბავშვების ფული მიითვისა, იხვეწება, რომ ბატონო პაატა, დავჯდეთ, ჩვენ გვქონდეს დებატები, მე მიჩივლეთ, ამის მიუხედავად, ბატონმა პაატამ ჩათვალა, რომ ამ საქმეზე მოპასუხე უნდა იყოს კობა დავითაშვილი. რა გაეწყობა, ბანმა თხარა თხარაო, კობა გამოთხარაო, ასეა მისი საქმე,“- განაცხადა კობა დავითაშვილმა.

საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს ჩაინიშნა.