ნიკოლოზ სიმონიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის „კლანის” გავლენების ქვეშ, „კლანი” იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორიცაა მოსამართლეების დანიშვნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაიქცა სასამართლოს კონტროლიორად, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის „კლანის” გავლენების ქვეშ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანი” იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორიცაა მოსამართლეების დანიშვნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც უნდა იყოს სასმართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, გადაიქცა სასამართლოს კონტროლიორად. მას აქვს 2/3 ხმა გადაწყვეტილების პროცესში და ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც მისთვის სასურველია. კლანი რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. მის გაძლიერებას ხელს უწყობს თავმჯდომარეების გამწესების წესი. ყველაზე მაღალი იერარქიის მქონე კლანის წევრები არიან თავმჯდომარეების პოზიციაზე და ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკური მნიშვნელობის ბევრ საკითხს.

დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან მიმართებით საჩივრები უბრალოდ არ იხილება, მაშინ, როცა კანონმდებლობით დადგენილია, რომ 5 თვის ვადაში უნდა განიხილონ. ფაქტობრივად საბჭო აჩვენებს მოსამართლეებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას, პასუხისმგებლობას არიდებს. კლანის ლეგიტიმაცია მეტად განმტკიცდა პროცედურული ნორმების დახვეწით. საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს კლანის ზეგავლენებს სასამართლოშიც და საბჭოშიც“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მთავარ გამოწვევად კვლავ კლანური მმართველობა რჩება.