ლეილა მუსტაფაევა დღეს პოლიციაში მივა

29 მაისს გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დაკითხვაზე დაიბარეს.

ლეილა მუსტაფაევა საქართველოში ღამით დაბრუნდა. ის ევროპარლამენტარებს შეხვდა. მას სურდა, ვროპარლამენტის რეზოლუცია “აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა” ივლისის ნაცვლად ივნისში გამოქვეყნებულიყო. ლეილა მუსტაფაევას თქმით, მან ამას მიაღწია.

ქალს აზერბაიჯანული და ქართული გამოძიების იმედი არ აქვს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ფალსიფიცირებაზე საუბრობს. მას უკვირს საქართველოს პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის უმოქმედობა და მიაჩნია, რომ მუხტარლის საქმე საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია 15 ივნისს მიიღო.