გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შევზღუდოთ მრავალრიცხოვანი შეკრებები

ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის შემცირება. აქედან გამომდინარე, საბჭო მსჯელობს დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე, რათა შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, უქმე დღეებში ან რომელიმე კონკრეტულ დღეს ტრანსპორტის შეჩერება ან სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეჩერება. ეს ღონისძიებები გამოყენებული იქნება იქ და იმ დროს, როდესაც ეს აუცილებელი გახდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„დღევანდელი სტატისტიკის გათვალისწინებით შევდივართ ახალ ფაზაში. გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ის ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე მიმდინარეობს, რაც, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე. როგორც ჩანს, გვექნება კიდევ უფრო სწრაფი ზრდა. თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა თავისი პასუხისმგებლობა, ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ და მკვეთრ ზრდას. ახლა აუცილებელია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია. მოქალაქეები, ბიზნესი, პოლიტიკური აქტორები, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა. ეს ძალიან მარტივია – ამისთვის საკმარისია მხოლოდ ყველა დადგენილი წესის დაცვა. პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში. ყველა რესტორანი მუშაობს 22:00 საათამდე.

შეზღუდულია 10 კაცზე მეტის ჩართვა გარკვეული ტიპის ღონისძიებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შევზღუდოთ მრავალრიცხოვანი შეკრებები. ასევე დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე ყველა სკოლა გადასულია დისტანციურ რეჟიმში. ასევე მოვუწოდებთ საჯარო სექტორს, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში და მინდა ვთხოვო ყველა დამსაქმებელს, შეძლებისდაგვარად, თანამშრომლები სახლიდან ამუშაონ. რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და დარჩნენ სახლში. გავააქტიურებთ ყველა ამ დადგენილი წესის აღსრულების კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები.

ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის შემცირება. აქედან გამომდინარე, საბჭო მსჯელობს დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე, რათა შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, უქმე დღეებში ან რომელიმე კონკრეტულ დღეს ტრანსპორტის შეჩერება ან სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეჩერება. ეს ღონისძიებები გამოყენებული იქნება იქ და იმ დროს, როდესაც ეს აუცილებელი გახდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.