ირაკლი კობახიძე – თუ ოპოზიციას ღირსება აქვს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ბოდიში აქვს მოსახდელი.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა ის ბრალდებები, რასაც არჩევნებთან დაკავშირებით, თამარ ჟვანიასა და მთელი საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით აჟღერებდა.

„ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს. ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კობახიძის შეფასებით, მათი შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

„დოკუმენტში იყო რაღაც, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაც ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება – არგათვალისწინება რეფორმის არსს არ ცვლის. საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური და ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს უამრავი მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.