აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში უკვე შეუდგა საქმიანობას

მას შემდეგ რაც იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ახალი ელჩი უნდა წარადგინოს და შემდეგ სენატმა დაამტკიცოს. აშშ-ს საქართველოში ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი უკვე შეუდგა საქმიანობას და პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა.

უკვე ცნობილია, რომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულება. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ბოლო პერიოდში განახლებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა საუკეთესო შეხვედრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, რაც შედის ჩვენს საერთო ინტერესებში. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ჩემთვის მართლაც შთამბეჭდავია, ვიხილო ის პოზიტიური ცვლილებები, რაც ქვეყანამ განიცადა ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მთხოვა, რომ წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა საქართველოში, რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის, ჩვენი ერთობლივი ინტერესებისთვის“,- განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ცნობისთვის, როს უილსონი 2005-2008 წლებში იყო აშშ-ის ელჩი თურქეთში, 2000-2003 წლებში – აზერბაიჯანში. სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში მოსკოვსა და პრაღაში. 1997-2000 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საკითხებში, 2010-2014 წლებში კი,  ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორი.