ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” განცხადებას ავრცელებს

დავით ქაცარავა და ლაშა ბერულავა ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს სახელით დღეს საოკუპაციო ხაზთან „გირჩის“ აქციის გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

-ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” აცხადებს, რომ დღეს, 10 ნოემბერს, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ზოლთან არანაირი პერფორმანსი არ გაუმართავს.

არ ვაპირებდით ამ თემაზე რაიმე განცხადების გაკეთებას, მაგრამ ბევრმა საოკუპაციო ზოლზე ჩვენი პატრულირების რიგითი დღე გააიგივა “გირჩის” აქცია-პერფორმანსთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ დილიდანვე განვუმარტავდით დაინტერესებულ პირებს, რომ ატოცში არანაირ აქციას არ ვგეგმავდით და პატრულირებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდით, თუმცა, როცა ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ “გირჩის” ლიდერი, აქტივისტები და სხვა მოქალაქეები აპირებდნენ ატოცში აქციის გამართვას, ამ ფაქტს მივესალმეთ და აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადეთ.

კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ 2017 წლის ივლისში დაწყებული ჩვენი სადღეღამისო პატრულირება არის არა აქცია, არამედ პროცესი, რომელიც გრძელდება ახლაც – ჩვენი ჯგუფი ამ წუთებშიც სოფელ ატოცში იმყოფება და ეს სოფელი ჩვენი ლოკაციაა ოკუპანტების მიერ ბოძების განთავსების დღიდან.

“ძალა ერთობაშია” აგრძელებს სადღეღამისო პატრულირებას საოკუპაციო ზოლზე, ხოლო ნებისმიერი სახის პერფორმანსის დაგეგმვის შემთხვევაში განცხადება წინასწარ გავრცელდება”.