„ნუ აძლევთ პირად შემადგენლობას ისეთ ბრძანებებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია ყველა მორალურ კატეგორიასთან!“

პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა შსს-ს მიმართავს და ამბობს, რომ არსებობს ზღვარი, რომელიც არავინ უნდა დაარღვიოს.

ლევან გვაზავა და “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” და პირადად მე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა მივმართავ შს სამინისტროს ხელმძღვანელობას – ნუ აძლევთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას ისეთ ბრძანებებს, რომლებიც არათუ უკანონო და დანაშაულებრივია, არამედ წინააღმდეგობაშია ყველა მორალურ კატეგორიასთან. ამ ბრძანებების შესრულება აზარალებს როგორც პოლიციის იმიჯს, ასევე პოლიციის ოფიცრების კარიერულ წინსვლას.
ამავე დროს, მე მაინც მჯერა შს სამინისტროს პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმის, მჯერა, რომ იმოქმედებენ მხოლოდ კანონის ფარგლებში.
პირადად მე, მიმაჩნია, რომ ის რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, არის ღია ბრძოლა შვილმოკლული მამის – ზაზა სარალიძის მიმართ.
ჩვენ გადავიტანეთ და დღესაც ვიტანთ უკანონო დევნას, შევიწროებას, აკრძალვებს და კრიმინალის რევანშს – ნებადართულს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ამ განუკითხაობის აღკვეთაზე და სამართლის აღსრულებაზე კი არ ზრუნავს, არამედ შვილმოკლული მამის დევნით არის დაკავებული.
არსებობს ზღვარი – გირჩევთ ნუ გადახვალთ ამ ზღვარს!“