დღეს აქცია „ოცნების“ ოფისთანაც გაიმართება, სადაც გოგაშვილი მუშაობს

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ეს ღამეც კარავში გაატარეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს აქცია იგეგმება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთანაც.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ახლოვდება მისი შვილის დაბადების დღე და პანკისის ხეობიდან ელოდება მხარდამჭერების ჩამოსვლას. მაჩალიკაშვილის თქმით, აქცია გაიმართება იმ ოფისთან, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მუშაობს.

გოგაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს. სოსო გოგაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ადანაშაულებს 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის არასწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.

შვილმოკლული მამები ამბობენ, რომ აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ სამართალს არ მიაღწევენ.