ფარავდნენ საქართველოს და თქვენს ოჯახებს მთავარანგელოზნი ღმრთისანი

მთავარანგელოზობა – წმიდა მთავარანგელოზთა კრება

კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა.

8 ნოემბერი ძვ.სტ./21 ნოემბერი ახ.სტ.

 

ტროპარი:

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი:

მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოჲსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცთომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით და დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.

ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან:

გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღვთისა – (დან.8,16;ლუკ.1,26), ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. მან ახარა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მაცხოვრის ჩასახვის შესახებ. აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის დაბადების შესახებ.

რაფაელი – ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობის ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი – ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი, ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი – მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

იეგუდიელი – ღვთის დიდებას ნიშნავს. იგი განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს, გარდა ამისა, ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე იეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცებს ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გულმოდგინეებს გვირგვინი ელით.

ვარაქიელი – კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. იგი კეთილ საქმეებზე უფლისმიერი კურთხევის მომცემი და ადამიანებისათვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ვარაქიელი, ძირითადად, მოწამეებისა და ბერ-მონაზვნების მფარველად ითვლება.

იერომიელი – ღვთისკენ ამაღლებას ნიშნავს. იგი საღვთო სიყვარულს აღუძრავს ადამიანებს და ცოდვების დაძლევაში ეხმარება. ხატებზე მთავარანგელოზ იერომიელს სასწორით ხელში გამოსახავენ.