„ცოტა ღრმად ჩავიხედოთ აშშ-ს პოლიტიკურ ტრადიციაში…“

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-როდესაც შეერთებული შტატების დემოკრატიის მამები ამ ქვეყნის კონსტიტუციას წერდნენ, მისი მოსახლეობა და ეკონომიკური პოტენციალი დაახლოებით იმხელა იყო, რამხელაც ქუთაისის გუბერნიის. მაგრამ, დღეს ეს არის ერთად ერთი ზე სახელმწიფო და წარმატებისა და სტაბილური განვითარების ნამდვილი სიმბოლო. როგორი პოლიტიკური ხედვების ან მრწამსისაც არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე თითოეული ჩვენგანი ვალდებულია კრიტიკული თვალით უყურებდეს ნებისმიერ მოცემულობას, რაც მოგვცემს ამ მოცემულობის სიღრმისეული გაგების საშუალებას და საუკეთესო გამოცდილების გადმოტანის ნებას.

შეერთებულმა შტატებმა ისტორიულად ესოდენ მოკლე ხანში იმიტომ კი არ შესძლო ამხელა ცივილიზაციური ნახტომის გაკეთება, რომ საშუალო ამერიკელი მოქალაქე სამ ფეხა და ოთხ ხელაა, ან საშუალო სტატისტიკური საქართველოს მოქალაქეზე ნიჭიერი ან შრომის მოყვარე იყო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო მისი დაფუძნების შემდეგ დგას და პირუთვნელად იცავს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომელსაც იზიარებს ნებისმიერი ტანამედროვე წარმატებული სახელმწიფო. ზუსტად ეს ფასეულობებია პროგრესისა და სტაბილური განვიტარების გარანტია. ხოლო, ამ ფასეულობებში უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებები და ხელისუფლების განაწილების პრინციპი, მაგრამ, მე მინდა ცოტა უფრო სიღრმისეულად ჩაგახედოთ და განსაკუთრებული ყურადღება მიგაპყრობინოთ ისეთ პოლიტიკურ ტრადიციაზე და საკანონმდებლო გადაწყვეტილებაზე როგორიცაა ხელისუფლების არჩევნების გზით ხშირი ცვლა, მაქსიმუმ 8 წლიან პერიოდში.

პირველ რიგში მინდა გაიაზროთ ის აქსიომა, რომ თუ ხელისუფლება პირველი დღიდანვე არ აცნობიერებს იმ გარდაუვალ პერსპექტივას, რომ აუცილებლად მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა, მაშინ ის იწყებს კონტროლის კარგვას და ტრანფორმირდება ტირანიისკენ, განუსაზღვრელი ძალაუფლების მოპოვების ჟინით. გარდა ამისა ხალხს, როგორც ძალაუფლების წყაროს არასოდეს უნდა ჰქონდეს შიში, რომ ახალი არჩევანი არ გაუმართლებს. რაღათქმაუნდა უკეთესია, რომ ყოველ ჯერზე ხალხი ირჩევდეს უკეთეს ხელისუფლებას. მაგრამ ასე არ ხდება და ხალხიც უშვებს შეცდომას. მაგრამ მიუხედავად ასეთი შეცდომებისა ზუსტად ხელისუფლების მარტივად ცვლის უფლება აზღვევს საზოგადოებას ფატალური შეცდომებისგან.

თუ ხელისუფლება ვერ ამართლებს ხალხი მარტივად უნდა ცვლიდეს ასეთ ხელისუფლებას. გარდა ამისა ეგ ფუძემდებელი ფაქტორი არის ეკონომიკური და კულტურული განვიტარების მთავარი ინსტრუმენტი. რამე, თუ ემსახურება კონკურენტული გარემოს პირუთვნელ დაცვას. ხოლო იქ სადაც არის ნატურალური კონკურენტული გარემო, არის ინოვაციები, განვიტარება და წარმატება და პირიქით – სადაც არ არის კონკურენტული გარემო, ან ის არის სუსტი, მაშინვე იწყება გარემოს დაჭაობება და სტაგნაცია.

P.S. ნუ გეშინიათ სიახლეების. ნუ გეშინიათ იყოთ თამამნი. იყავით მკაცრი და მომთხოვნი მოქალაქეები. იყავით ქვეყნის ბატონ -პატრონნი და მოთხოვნების გენერატორი. მხოლოდ ამ გზით გახდებით თვითკმაყოფადი და თვითრეალიზებული მოქალაქეები, რაც მოგიტანთ სიმდიდრეს და კეთილდღეობას. მხოლოდ ასეთი მოქალაქეები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს და არა პირიქით.

სახელმწიფო ვერ იქნება სიმდიდრის და კეთილდღეობის წყარო, თუ მას არ ქმნიან წარმატებული და კეთილდღეობით სავსე მოქალაქეები.

ძალა ერთობაშია!