ფესტივალის “პაემანი რუსეთთან” დამფუძნებელი თბილისში ჩამოსვლას დღესაც ეცდება

ფესტივალის “პაემანი რუსეთთან” დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი ვლადიმერ პიროჟკოვი, რომელიც გუშინ  საქართველოში არ შემოუშვეს თბილისში ჩამოსვლას დღესაც გეგმავს – ეს ინფორმაცია „კურიერს“ ფესტივალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა მიაწოდა, თუმცა იგორ შიბანოვის თქმით, მას პირადად არ უსაუბრია პიროჟკოვთან და ფესტივალის დამფუძნებლის ზუსტი გეგმები არ იცის.

მისთვის ასევე უცნობია, რა მიზეზით არ შემოუშვეს იგი საქართველოში. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლეს ასევე რეჟისორმა ბორის გრაჩევსკიმ და მისმა მეუღლემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისინი ქვეყანაში მოქალაქეობის არ მქონე პირების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით არ შემოუშვა, თუმცა სამივე პირს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული და ამის ვიდეომტკიცებულებები არსებობს.

ფესტივალს “პაემანი რუსეთთან” მწვავე შეფასებები მოჰყვა ქართველი დეპუტატების და ახალგაზრდული არასამთავრობოების მხრიდან.

ცნობისთვის, რუსული კინოფესტივალი ხვალ დასრულდება.