მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას 49 წლით გადაეცა

23 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებას, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებასა და ზოგადად სპორტის მიმართულებით პროექტების განხორციელებას შეეხება.

ამ მიზნით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მზიურის საჩოგბურთო კორტები 2017 წლის 13 ივნისს ფედერაციასა და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წლამდე გაეზარდა. მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაზე მისულ სტუმრებს მიესალმნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი. მემორანდუმს ხელი მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე მეტრეველმა მოაწერეს.

მზიურის საჩოგბურთო კორტები 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა. კომპლექსი აერთიანებს 7 ღია და 4 დახურულ კორტს, ხოლო ტრიბუნა გათვლილია 800-მდე მაყურებელზე