ნასას მეცნიერს, რობ მენინგს მორიგ უდიდეს წარმატებას ულოცავენ

NASA-ს მეცნიერები, გასულ წელს, „ვოიაჯერის“ პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ კასანი და მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი – რობ მენინგი საქართველოში განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშისა და მეცნიერების და განათლების ფონდის „ნოვა“-ს ხელმძღვანელის, რამაზ ბლუაშვილის მოწვევით ჩამოვიდნენ.

მეცნიერები საქართველოს „ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში ესტუმრნენ, რომელიც NASA-ს ორი კოსმოსური ხომალდის, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა „სტარტაპების“ მონაწილეებთან. გაიხსნა მეცნიერის, კარლ საგანის ლაბორატორია და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართა NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, რამაზ ბლუაშვილის ფილმის ჩვენება და ერისიონის კონცერტი, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა NASA-ს მეცნიერებზე.

წელს, NASA-ს მისია მარსზე წარმატებით დასრულდა – ხომალდი InSight მზიდან მეოთხე პლანეტაზე წარმატებით დაეშვა და დედამიწისკენ ოფიციალური სიგნალი გამოგზავნა. NASA-ს ხომალდი InSight, მარსზე, თბილისის დროით 27 ნოემბერს, 00:00-ზე (ნიუ-იორკის დროით 15 საათი, 26 ნოემბერი) დაეშვა. დაახლოებით, ექვსთვიანი ფრენის შემდეგ, ის მოწყდა ფუძეს და მარსის ატმოსფეროსკენ დაიწყო გადაადგილება. InSight 12 300 მილი საათში სიჩქარით მოძრაობდა და მარსის ატმოსფერო 12 გრადუსით გაარღვია. ობიექტი, დაშვებამდე 6 წუთითა და 45 წამით ადრე, პირველად შეეხო ატმოსფეროს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ნასას მეცნიერს, რობ მენინგს მორიგ უდიდეს წარმატებას ულოცავს.