“ვაიძულოთ მთავრობა ხალხს დაუბრუნოს ძალაუფლება!”

საზოგადოება “ივერიას” წევრი დავით ნებიერიძე ტელეკომპანია პირველში სტუმრობის შემდეგ გადაცემასა და მთლიანად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ ეხება და აცხადებს:

-სრულიად დელეგიტიმირებული ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად და გავიდა როგორც პოლიტიკური სივრციდან, ასევე კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.

სახეზე გვაქვს ტირანიული რეჟიმის გაფორმების კლასიკური სურათი. შესაბამისად, გამონაკლისის გარეშე ასეთი ტიპის რეჟიმებს რჩებათ მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი რათა გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა – პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტი. გარდა იმისა, რომ ტოტალურად გააყალბეს არჩევნები, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეების სისხლის ფასად ცასვეს პრეზიდენტის სავარძელში. უმოწყალოდ ცემეს ახალციხეში ჩვენი მხარდამჭერები; სასიკვდილოდ დაჭრეს ონის რაიონის საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელიც დღემდე ებრძვის სიკვდილს; პოლიტიკური დევნის შედეგად მოკლეს პედაგოგი ქალბატონი ია კერზაია; ველისციხეში ცაქუჩებით დაულეწეს სახის ძვლები ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გასამართად მიდიოდა თელავში. ციხეში შიმშილობის აქტის შედეგად გარდაიცვალა პატიმარი და იქამდე დაეცა ეს უზურპატორი ხელისუფლება, რომ ჭირისუფლებს მადლობას ახდევინებს შვილის მკვლელობისთვის. ეს უკვე აუტანელია და სახელისუფლებო კრახთან ერთად სახელმწიფოებრივი კრახის წინაშე ვდგავართ.
ეს უგუნური ხელისუფლება საზოგადოების გახლეჩის მიზნით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება. მაგრამ, ამ პარაზიტებს არ ესმით, რომ ერთი სამშობლო გვაქვს და ერთ გემში ვზივართ. ესენი კი ცდილობენ შუაზე გადახერხონ ეს გემი და ვერ აცნობიერებენ, რომ შუაზე გადახერხილი გემისგან ორი გემი არ გამოვა. ორივე ნაწილი გარდაუვლად ჩაიძირება.

ხელისუფლების უზურპატორები უკვე უკიდურესად სახიფათონი გახდნენ, როგორც საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის, ასევე მათივე მხარდამჭერებისთვის. ამის ატანა უკვე შეუძლებელია. ამიტომ, ყველა, ვისაც უბედურებამ კარზე მოუკაკუნა, ყველა ვინც აცნობიერებს რა კატასტროფის წინაშეც ვდგავართ უნდა გამოვიდეთ საპროტესტო აქციებზე და ვაიძულოთ ხალხს დაუბრუნონ ძალაუფლება. სხვა არჩევანი უბრალოდ არ დაგვიტოვეს.