ლაშა ტალახაძე 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა

თბილისის „ივენთ ჰოლში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა. კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა. სესიის ბოლოს დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს წლის საუკეთესო სპორტსმენი – ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ქართველმა ძალოსანმა ნოემბერში გამართულ მსოფლიო პირველობაზე 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის დამზადებული სპეციალური პრიზი – „ოლიმპიური ალი“ ლერი ხაბელოვმა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მინისტრმა ისაუბრა წარმატებულ 2018 წელზე და აღნიშნა, რომ სპორტი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს, ყველა გულშემატკივარს. მართლაც უმნიშვნელოვანესი წელი იყო. საქართველოს ისტორიაში ასეთი წარმატებული და შედეგიანი წელი ჯერ არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტის მიღწევა. სპორტი მომავალ წელსაც აუცილებლად იქნება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება წარმატებული 2019 წლის საწინდარია.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე 4 სპორტსმენი იყო წარდგენილი: ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი), გურამ თუშიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩინეთისა და გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებული, ATP-ის რეიტინგში მსოფლიოს 21-ე ჩოგანი). მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე 10 000 ლარით დააჯილდოვა ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა „საქართველოს ბანკმა“. ლაშა ტალახაძემ კი კომპანიისგან 4 000 000 PLUS ქულა მიიღო. 2018 წლის საუკეთესო სპორტული წლის შედეგების გათვალისწინებით საუკეთესოები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

> წლის სპორტსმენი – ლაშა ტალახაძე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსნობა

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი – გიორგი ჩხიკვაძე, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობa.

> წლის ახალგაზრდა სპორტსმენი – გიორგი ჩხიკვაძე, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა)

> წლის სპორტსმენი ზამთრის სპორტის სახეობაში – მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი (ფიგურული სრიალი)

> წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი – ნუგზარ წურწუმია, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

> წლის მწვრთნელი – ნუგზარ სხირელი, თავისუფალი ჭიდაობა

> წლის რეგიონალური ორგანიზაცია – სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია

> წლის სპორტსმენი ქალი – ანასტასია გოტფრიდი, ევროპის ჩემპიონი, ძალოსნობა

> ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი – ტელეკომპანია „იმედი“

> ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერი – „საქართველოს ბანკი“