3 520 000 ფუნტი სტერლინგი-ლონდონის გარდა, დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის შენობის შეძენა სტრასბურგშიც იგეგმება

ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შესაძენად 3 520 000 ფუნტი სტერლინგი დაიხარჯება – მთავრობის განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აწერს უკვე გამოცემულია. თანხას საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოყოფს.

შეძენილ შენობაში განთავსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

ძირითადი ხარჯის გარდა, 105 ათასი ფუნტი გამოიყოფა სამაკლერო მომსახურებისთვის.

ლონდონის გარდა, დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის შენობის შეძენა სტრასბურგშიც იგეგმება.

საელჩოებისთვის 2018 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 21 მილიონი ლარი გამოიყო. თანხა მოიცავს საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებსაც.

წყარო: ფორტუნა