პირველი ქართველი სამხედრო პოლიციელი ქალი აფრიკის მისიიდან და განსაკუთრებული მედალი

სამხედრო პოლიციიდან ის პირველი ქართველი სამქედრო ქალი იყო მისიაში, ახლაც პირველი ქართველი ქალია აფრიკის მისიაში. აფრიკის თავდაცვის მინისტრმა თამარ კიკნაძე განსაკუთრებული მედლით დააჯილდოვა, როგორც თავად ამბობს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი სიხარული მის ცხოვრებაში.

-ეს ჩემი დიდი მედალია, განსაკუთრებული, საამაყო და ბევრის მთქმელი-ამბობს ოფიცერი.

ჯილდო მიიღო გენერლებისგანაც.

თამარ კიკნაძე უკვე წლებია ქართველი ჯარისკაცის ფორმას პატივით და სიამაყით ატარებს, მისთვის ეს დიდს ნიშნავს, რადგან აფხაზეთის ომის გმირის, გოგიტა კიკნაძის დას სჯერა, რომ მისი ძმა ზეციურ საქართველოში ამაყობს დის მიღწევებით და იმით, რომ თამარი აგრძელებს საქართველოს სამსახურს.

თამარ კიკნაძეს ჟურნალმა „მეციხოვნემ“ ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელსაც რედაქტორის, ზაირა მიქატაძის თანხმობით ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ.

რუბრიკა: საერთაშორისო მისია

 

„სამშობლო დღესაც დასაცავია“ –

ქართველი ჯარისკაცი ქალი აფრიკის მისიიდან

 

საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან ასრულებს. ეს არის  დასტური იმისა, რომ საქართველო იცავს ევროკავშირთან შეთანხმების პირობებს,  კონკრეტულად, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP), ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობის პირობას.  2015 წლის 16 მარტს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალი მისია დაიწყო – სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA), რომლის მიზანია, დახმარება გაეწიოს ადგილობრივ ხელისუფლებას შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელებაში.  ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის ფარგლებში, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანით, ქართველი ჯარისკაცები საქართველოს წარმოაჩენენ, როგორც ევროკავშირისათვის სანდო პარტნიორ ქვეყანას.

დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, აღნიშნული მისიის ეგიდით,  ეროვნული გვარდიის ნაკრები ქვეითი ოცეული იმყოფება. ჩვენი ბიჭებისთვის  საამაყოა  ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვასა და სტაბილურობაში მათაც შეაქვთ თავიანთი წვლილი, რაც თავის მხრივ, ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის შეფასებასა და დაფასებას ნიშნავს.  გარდა ამისა, იმ გამოცდილების გაზიარება, თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ ევროკავშირის ქვეყნები მსოფლიოს სტაბილურობაში, ქართველი ჯარისკაცებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

აფრიკის ოთხწლიან მისიას უჩუმრად არ ჩაუვლია, იყო სკანდალიც, რომელმაც ჩვენი ბიჭების პროფესიონალიზმსა და ჰუმანიზმს ჩრდილი ვერ მიაყენა. პირიქით, მოსახლეობა,  განსაკუთრებით კი პატარები, მათგან დიდ სითბოს იღებენ. შეიძლება  ითქვას, რომ  რელიგიურ  ნიადაგზე წარმოქმნილ დაპირისპირებაში კოალიციის ჯარების მფარველობის ქვეშ ადგილობრივები თავს უფრო დაცულად გრძნობენ.

ალბათ, უმჯობესია,  საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იღებს მონაწილეობას საერთაშორისო მისიაში, ვინ წარმოაჩენს ქართველი ჯარისკაცის სახელს და სამშობლოს… დღეს ყურადღება პოლიციის მაიორ თამარ კიკნაძეზე  შევაჩერეთ, პირველ ქალზე საქართველოს  შეიარაღებული ძალებიდან, რომელიც ევროკავშირის საერთაშორისო მისიის ეგიდით ცენტრალურ აფრიკაში, კერძოდ, დედაქალაქ ბანგიში იმყოფება.

თამარ კიკნაძე აფხაზეთის ომის გმირის, გოგიტა კიკნაძის ოჯახიდანაა. მეორე შვილიშვილი რომ შეეძინა, ავღანეთის მისიაში იმყოფებოდა. ჯარისკაცმა ბებომ პატარა გაბრიელი ექვსი თვის შემდეგ გაიცნო. მანამდე ჩვილს ინტერნეტით ესიყვარულებოდა. თამარი გადმოგვცემს, თუ როგორი რეაქციები აქვთ ნიკოლოზს და გაბრიელს ფორმიანი ბებოს დანახვაზე, თურმე პატარებს სიამაყის ჟრუანტელი უვლით. ორივეს ძალიან უყვარს ფორმა და  მათაც ჯარისკაცობა სურთო, გვეუბნება.  თამარმა შსს-ს სტრუქტერებში 11 წელი დაჰყო. თავდაცვის უწყებაში კი ხუთი წელია, მსახურობს.  საერთაშორისო მისიებში მისი მოვალეობა წესრიგის დაცვაზე ზრუნვაა. სამხედრო პირისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე და  დედობრივი მზრუნველობა თამარს თანაბრად ახასიათებს, რაც თავისი მოვალეობის პირნათლად  შესრულებაში  დიდად ეხმარება.

ქალბატონმა ელენე აფციაურმა-კიკნაძემ  სამი შვილი გაუზარდა სამშობლოს: გოგიტა, მაია და თამარი. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, გოგიტა 17 წლის იყო, პოლიციის უმაღლესი სკოლის პირველ კურსზე სწავლობდა. 20 წლის ვარო, უპატაკა უფროსს და ამგვარი ტყუილით შეძლო, ჩვენი ბიჭების კვალდაკვალ თვითონაც ომის ქარ-ცეცხლში  გახვეულიყო. როგორც ასაკით პატარას, მეომრები საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმას უშლიდნენ. გაგრის ბრძოლებისას ჯავშანტრანსპორტიორიდან  გადმოსვეს, მაგრამ ხელახლა ჩაუხტა მათ. საბრძოლო მანქანა, რომელშიც  გოგიტა იჯდა, მტრის  სამიზნე გახდა. დაჭრილი ჯარისკაცი აფეთქებული ჯავშანტრანსპორტიორიდან   სამედიცინო მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, მართლაც განწირული იყო ეს ღიმილის ბიჭი და ახლა სამედიცინო მანქანას მოხვდა ჭურვი. აქ წყდება გოგიტას სიცოცხლეც და კვალიც. გოგიტა ჯერჯერობით უსაფლავო გმირია. წყდება მისი სიცოცხლის გზა, და სამაგიეროდ, ახლდება და მეორდება ისტორია. თამარზე წერაც გარკვეულწილად გოგიტას ისტორიის გამეორებაა. ხოლო მისი გზა – გოგიტას გზის გაგრძელება. ამას არც თვითონ უარყოფს, როცა ამბობს, რომ დების მიერ შეირაღებული ძალებისკენ გეზის აღება სწორედ რომ გოგიტას ფაქტორმა განაპირობა. გზასაც გოგიტა უკაფავს და ძალასაც გოგიტა აძლევს. როგორც ამბობს, თავადაც ძალიან ჰგავს ძმას, სამართლიანი, მომთხოვნი და საქმეში პირველი. იგი პირველი ქალი იყო სამხედრო პოლიციიდან ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. დღეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  უკვე შეიარაღებული ძალებიდანაა  პირველი ქალი აფრიკის საერთაშორისო მისიაში.

ჩვენი საუბარი ინტერნეტით შედგა. დამათვალიერებინა ოთახი, სადაც ქართველი კაპიტანი ქალი ცხოვრობს. სიცილით მანიშნებს ბადეში  შეფუთულ  საწოლზე, რომელიც ძილის დროს მალარიისა და სხვა ინფექციების გადამტანი კოღოებისგან იცავს. მართალია, როგორც ჯარისკაცს, რომელსაც შვიდი თვე აფრიკის ურთულეს კლიმატურ პირობებში უხდება ცხოვრება, შესაბამისი აცრები ჩატარებული აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

თამარი მისიას ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულთან  ერთად ასრულებს. ოცეულის მეთაური 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, კაპიტანი კახა ასათიანია. თამარი კახას საუბრის დასაწყისშივე ახასიათებს: ორგანიზებული, მოწესრიგებული, დისციპლინებული ოფიცერი, რომელიც ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ოცეული, რომელსაც კახა ასათიანი მეთაურობს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში იღებს მონაწილეობას. კონტინგენტი დედაქალაქ ბანგიში ბაზა„უკატექსზეა“ განთავსებული. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს. მქონდა პატივი, გავსაუბრებოდი ნაკრები ოცეულის მეთაურს, კახა ასათიანსა და მისიის  პირველ ქართველ ქალ მონაწილეს, თამარ კიკნაძეს. მათთვის გიორგობის დღესასწაული მიმელოცა და შინ მშვიდობით დაბრუნება მესურვა.

ავღანეთის მისიაში, ქაბულის ბაზაზე, თამარის ოთახი ბაზის კედლიდან რამდენიმე მეტრით იყო დაშორებული. ხუმრობით ვუთხარი, ისე ახლოს ხარ ქუჩასთან, თალიბებმა რომ მოინდომონ, ბომბს პირდაპირ ფანჯარაში შემოგიგდებენ-მეთქი. იცინოდა, რადგანაც შიში შორსაა მისგან და საერთოდაც, ნამდვილ ჯარისკაცში  საფრთხე, რაც უნდა რეალური იყოს იგი, შიშს არ იწვევს. ყველაზე დიდი შიში ამოცანის შეუსრულებლობას მოჰყვება და ამიტომაც ქართველი ჯარისკაცები თავს არ ზოგავენ ყველგან, სადაც კი შეიძლება, ქართული ჯარის სახელი და დიდება დატოვონ.

თამართან საუბრისას გვერდი ვერ ავუარე გოგიტას ისტორიას. უფრო მეტიც, როცა ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ვესაუბრები, რაც უნდა დამსახურებულნი იყვნენ ისინი, თავს მოვალედ ვთვლი, საუბარი სწორედ გმირის გახსენებით დავიწყო. რა თქმა უნდა, წესი არც თამართან საუბრისას დამირღვევია.

  • თამარ, რამ მიგიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თქვენ და თქვენი დაც, მაიაც, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოფილიყავით, ხომ არ გამოიწვია ეს თქვენი ძმის, გოგიტას ფაქტორმა?
  • რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, ჩვენი ძმის ფაქტორმა განაპირობა. მიუხედვად იმისა, რომ  ომისთვის ძალიან პატარა იყო, იგი  სამშობლოს ერთიანობის დაცვაზე ოცნებობდა. ოცნება  კი აიხდინა, რასაც შეეწირა კიდევაც, მაგრამ სამშობლო დღესაც დასაცავია. ჩვენი ძმის სიკვდილით მოყენებულ ტკივილს ვერც მე და ვერც მაიას, ვერაფერი გაგვიყუჩებს, მაგრამ ისიც შეგნებული გვაქვს, რომ იმ საქმეს, რისთვისაც გოგიტამ სიცოცხლე გაიმეტა, გაგრძელება სჭირდება, და ჩვენც ვაგრძელებთ, რაც  შეგვიძლია.
  • როგორ გაიხსენებდით თქვენს ძმას? რა იდო 17 წლის ჭაბუკში ისეთი, რამაც ომში წასვლა გადააწყვეტინა?
  • გოგიტა იყო ყველაზე ნაბოლარა დედმამიშვილებში. ბავშვობიდანვე გულღია, თბილი და ნამდვილი ვაჟკაცი იყო. ძალიან მიკვირს, ამხელა სიყვარულის მოხვეჭა როგორ მოასწრო ამ პატარა ბიჭმა. ვინც იგებს, რომ გოგიტას და ვარ, სულ სხვაგვარი პატივისცემით იმსჭვალება ჩემ მიმართ. ხასიათითაც მე და გოგიტა ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ვერ იტანდა, როდესაც სუსტი იჩაგრებოდა. უყვარდა პირველობა, ძალიან სამართლიანი იყო. გამორიცხული იყო, მის გვერდით ვინმეს ვინმე დაეჩაქრა. ერთ ამბავს გავიხსენებ: სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა.  ერთ ბიჭს მეორესთან კამათი მოსვლია. ამას უთხოვია, გაჩერდიო. არ გაჩერებულა და იმდენი ქნა,  გოგიტას თავი გაალახინა. ჩაცმითაც ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო. სულ შარვალ-კოსტუმით დადიოდა. ჩვენს უბანში ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველას ახსოვს ის კოპწია ღიმილის ბიჭი. არ დამეხესო, კოსტუმი გაუხდია და ისე უცემია. მერე, ამოვიდა სახლში, იჯდა და ნერვიულობდა, ძალით მაცემინა თავიო. ძალიან სხვანაირი იყო. ფორმაზე უზომოდ შეყვარებული. ექვსი წლისას დედამ მეზღვაურის ფორმა შეუკერა. გიჟდებოდა, ისე უხაროდა. სულ იმას ამბობდა, სამხედრო კაცი უნდა გამოვიდეო. თვითონ ვერ აიხდინა, მაგრამ მე ავუხდენ იმ ოცნებას და ვუხდენ კიდეც, ვცდილობ, ყველგან პირველი ვიყო და არც მე მიყვარს, სუსტს რომ ჩაგრავენ.
  • ის დღე თუ გახსოვს, როცა ომში წავიდა?
  • ჩვენ არ ვიცოდით, რომ ომში მიდიოდა. შევარდნაძის აგარაკის დაცვაზე იყო წასული. მერე გავიგეთ, რომ პატაკი დაუწერია და ომში წასულა. 25 აგვისტოს  სახლში მოირბინა. სამხედრო ფორმა გამიმზადე, დილით ადრე უნდა წავიდეო, დედას უთხრა.  დილით ადრიანად გავიდა. 27 აგვისტოს პოლიციის უმაღლესი სკოლის კურსანტები, მათ შორის თურმე ჩემი ძმაც, გაგრაში ჩასულან.  ჩვენ არაფერი ვიცოდით.  მესამე დღეს გაიგო დედამ, მაშინ, როდესაც სასწავლებელში მივიდა და გოგიტას ამბავი იკითხა. იქ კი მისი  ხელით დაწერილი პატაკი უჩვენეს: „ვარ 20 წლის, კარგად ვფლობ იარაღს, გთხოვთ ჩამწეროთ აფხაზეთში წამსვლელთა სიაში“. 2 ოქტომბრამდე სახლში რამდენჯერმე დარეკა, დედაჩემი ეხვეწებოდა, ჩამოდი, ძალიან მენატრებიო. გოგიტა ცივ უარზე იდგა, ეგ ხომ ღალატის ტოლფასი იქნებაო. ყოველი ფეხის ხმას ვიყავით ჩასაფრებული, გვეგონა, კარი გაიღებოდა და გოგიტა შემოვიდოდა. 29 სექტემბერს კვლავ დარეკა. სიამაყით გვითხრა, პოლიციის ლეიტენანტი გავხდიო. თურმე მისი ბოლო ზარი და უკანასკნელი სიხარული იყო…

1992 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც გაგრაზე მასირებული შეტევა დაიწყო, ჩემი ძმა, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, საბრძოლო მანქანით ქალიქისკენ მიიწევდა. ნახევარი ქალაქი გაუვლიათ, მერე ინტენსიური სროლა ამტყდარა და მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანიდან გამოსროლილმა ჭურვმა, ჯავშანტრანსპორტიორი, სადაც ჩემი ძმა იჯდა,  ცეცხლის ალში გაახვია. ალეკო დათებაშვილი, სერგო დავიდოვი და ჩემი ძმა ცოცხალმკვდრები ამოიყვანეს ჯავშანტრანსპორტიორიდან.  დაჭრილები ბრძოლის ველიდან სასწრაფოდ უნდა გაეყვანათ, ის იყო, სამედიცინო მანქანაში მოათავსეს, დაიძრნენ და მანქანაც აფეთქდა. ეს ამბავი მოგვიანებით გავიგეთ…

  • თამარ, დედაზე მინდა გკითხო. რას იტყვი იმ ქალზე, რომელმაც სამშობლოს სამი დამცველი გაუზარდა, როგორ გზრდიდათ შვილებს, რა სულისკვეთება ჩადო თქვენში?
  • ბავშვობიდან გვიყვებოდა გმირებზე. გვიკითხავდა პატრიოტულ ლექსებს. სამშობლოს სიყვარულს შთაგვაგონებდა. დღევანდელ თაობაშიც ეს არის უმთავრესი, მოზარდს სკოლის ასაკიდანვე უნდა ასწავლო სამშობლოს სიყვარული. როცა ბავშვი იზრდება, ის სიყვარულიც იზრდება მასთან ერთად. მთიულია დედაჩემი, ძალიან სამართლიანი, ამაყი და პატრიოტი ქალია. შვილებსაც ამ პინციპებით გვზრდიდა.
  • როცა მაია 2008 წლის აგვისტოს ომში წავიდა (თუ არ ვცდები, იგი ორსულად იყო), დედისგან არ ჰქონია წინააღმდეგობა, მითუმეტეს, რომ ერთი შვილი დაკარგული ჰყავდა ომში?
  • როცა მაიკო წაიყვანეს, არავის ეგონა, რომ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა. ზუსტად იმ ღამეს აირია სიტუაცია.
  • გაუშვა ერთი შვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად და აღმოჩნდა ომში, მეორე შვილი გაუშვა და ისიც ომში აღმოჩნდა. მესამე შვილი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მიდიოდა – ავღანეთის მისიაში. ამას როგორ შევხდა დედა?
  • ეს მითხრა, შვილო, ყველგან ჩემი შვილები როგორ უნდა იყვნენ წინო?! იცოდა, რომ პირველი ქალი ვიყავი სამხედრო პოლიციიდან. ნათქვამი მქონდა, როცა გაიგებენ, გოგიტა კიკნაძის და ვარ, ამით ჩემს ძმას ვასახელებ-მეთქი. დავამშვიდე, ნუ გეშინია, ყოველდღე დაგირეკავ-მეთქი. და ასე ლამაზად შევაგუე ჩემს წასვლას. წინააღმდეგობას აზრი არც ჰქონდა, დედამ იცის, ჩემს გადაწყვეტილებას ყოველთვის რომ სისრულეში მოვიყვან.
  • ავღანეთში ორჯერ იყავი. ამჯერად იმყოფები აფრიკაში. რომელი მისიაა უფრო რთული?
  • ყველა მისია ინდივიდუალურია და განსხვავებულია თავისი სპეციფიკით. ავღანეთში სხვა საბრძოლო ამოცანები იყო შესასრულებელი, აქ კი სხვა დავალებებია, რასაც საქართველოს წარმომადგენლობა პირნათლად და მაღალპროფესიონალურად ასრულებს, რითაც ამაყი ვარ. ბედნიერი ვარ, როცა ამ ბიჭებს ვუყურებ, მართლაც რომ თითოეული ჯარისკაცი ღირსეულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ქვეყნის ღირსებასა და პრესტიჟს უფრო მაღლა სწევს. უცხოელები გაკვირვებულები არიან ჩვენი ბიჭებით. ვინა ხართ, ეს ქართველებიო?! – ყოველდღიურად მესმის მათგან. ვისმენ  ჩვენი ბიჭების ქება-დიდებას, მადლობებს, რაც ჩემთვის ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.
  • მაშინ, როდესაც ავღანეთში იმყოფებოდი, მოხდა ტერაქტი. ვიცი, რომ ძალიან განიცადე დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა. რას იტყვი იმ ბიჭებზე?
  • გასული წლის 6 სექტემბერს, როდესაც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიმყოფებოდი, ბაზასთან ახლოს აფეთქება მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც მოტოციკლეტს მართავდა, თავი აიფეთქა. უფროსი ლეიტენანტის, ივერი ბუაძის მეთაურობით, ქართველი ჯარისკაცები ბაზის შესასვლელთან ავტომობილებს ამოწმებდნენ. მძიმედ დაიჭრა ივერი. ორი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო. სასწაულმა გადაარჩინა. თვითონ ექიმებიც შოკირებულები დარჩნენ, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ისე მოკლე დროში შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა და ძალების აღდგენა. სამწუხაროდ, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, პროთეზი გაუკეთეს და სიარული შეძლო. ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის ამერიკაში. სირბილზე ოცნებობს, რასაც, დარწმუნებული ვარ, აიხდენს, იმდენად მოტივირებული და ძლიერი ჯარისკაცია.

მდინარი ბებიაშვილის დაღუპვამ კი ჩემი გოგიტა  გამახსენა და ტკივილი გამიახლდა. დადგება დრო და ისტორია იტყვის ამ ბიჭებზე თავის სათქმელს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თითოელ თავგანწირულ ჯარისკაცზე უნდა დაიწეროს. სწორედ მათ გმირობებზე უნდა იზრდებოდნენ თაობები.

  • თამრიკო, როგორც ქალისთვის, ძნელი ასტანი არ არის მაქაური კლიმატი? როგორ ეგუები, როგორ უძლებ?
  • ძალიან ნესტიანი ჰავაა… ტროპიკული სიცხეები… ახლა მითუმეტეს, სიცხის სეზონი დაიწყო, მაგრამ პირობები ნორმალური გვაქვს. აი, ჩემი ოთახი, ბადეში მძინავს, ხომ უყურებ? (ოთახს მათვალიერებინებს და იცინის)
  • მოსახლეობაზე რა იტყვი, როგორი ურთიერთობა აქვთ ჩვენს ჯარისკაცებს ადგილობრივებთან?
  • ძალიან თბილი და არაჩვეულებრივი. ერთხელ ქალაქში ვიყავი გასული. დავინახე ერთად შეჯგუფებული ბავშვები. მომცვივდნენ და  წყალი მთხოვეს. საერთოდაც, წყალს ითხოვენ ხოლმე. როგორც ავღანეთშია წყლის პრობლემა, ისეა აქაც. გვეხვეწებიან წყალსა და საჭმელს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს. ხელებითა და ჟესტიკულაციით გვანიშნებენ ხოლმე, გვშიაო.  ქართველი ჯარისკაცები, როგორც ყოველთვის, პირიდან იღებენ ლუკმას და ამათ აძლევენ.

ბაზაზე მომსახურე აფრიკელებს ქართულს ვასწავლით. რამდენიმე ქართული სიმღერაც კი ვასწავლეთ. როცა დამინახავდნენ, „ბიჭო, ბიჭოს“ მეძახდნენ, ახლა ისწავლეს და „ქალბატონ თამარს“ მეძახიან.

  • ახლახან დაბადების დღე გქონდა. ალბათ, ვერცერთ დაბადების დღეს ვერ წარმოიდგენდი, რომ ერთ-ერთ იუბილეს აფრიკაში შეხვდებოდი. როგორ აღნიშნეთ, როგორი ზეიმი მოგიწყვეს ქართველმა ჯარისკაცებმა  ერთადერთ ქართველ ქალ ჯარისკაცს?
  • ბაზის ხელმძღვანელობა შეიკრიბა და ძალიან პომპეზურად და ოვაციებით შემხვდნენ. სამახსოვრო სუვენირიც კი გადმომცეს.
  • განსაკუთრებული სუფრა არ გაგიკეთეს?
  • ქართველებმა კი, აღნიშნეს, მაგრამ სუფრა როგორ, ახლა… აქ დალევა და ალკოჰოლური სასმელი  არ შეიძლება. უბრალოდ, ერთად შევიკრიბეთ,  სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ, რომელსაც  ასეთი წარწერა გაუკეთეს: „თამარ, გილოცავთ, დაბადების დღეს“. ყველა ქართველი ჯარისკაცის დაბადების დღეს ასე აღვნიშნავთ ხოლმე. მთელი ოცეულია ამ ფოტოზე, რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება ჩემს ოჯახში. როცა მე აღარ ვიქნები, ჩემს მომავალ თაობას  რელიქვიად ექნება.
  • თამრიკო, პირადად შენთვის რას ნიშნავს იყო, ჯარისკაცი?
  • ძალიან ბევრს. მით უმეტეს, ამ მისიებით უფრო მეტად დავინახე და დავაფასე ჯარისკაცების მამაცობა, თავდადება და ვაჟკაცობა. ყველამ თავისი საქმე იცის და ასრულებს პირნათლად.
  • ხშირად უწევთ მათ ბაზიდან გასვლა?
  • ქალაქში გასვლა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის ადგილები, სადაც გადაადგილება საფრთხის შემცველია და ვერ გადაადგილდები.
  • ანუ ავღანეთისგან განსხვავებით, მანდ ბაზიდან გასვლა შეიძლება…
  • კი, ასეა. ავღანეთში თუ გახვიდოდი, მკვდარი იყავი. აქ მასე არ არის. აქ მეტი კეთილგანწყობაა ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციის ჯარებს შორის.
  • თამრიკო, როგორია მაქედან დანახული საქართველო?
  • დღეს რომ ვუყურებ ჩემს სამშობლოს, მეცოდება. საქართველოში ერთმანეთის პატივისცემა დაიკარგა, ხალხს ერთსულოვნება აკლია, განელდა ერთმანეთის სიყვარული. საქმეში კი არა, სიძულვილში უფრო ეჯიბრებიან ერთმანეთს. ეს დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ძალიან განვიცდი.  პირველ რიგში, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და შემდეგ, პოლიციის ოფიცერი.  როგორც საქართველოს მოქალაქეს, არ მომწონს, პოლიტიკური სიმპატიისა და ანტიპატიის გამო ხალხი რომ ერთმანეთს დაუპირისპირდა  და მიდის ერთმანეთის ლანძღვა. არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფებისა თუ  ლიდერის გამო  ქართველებმა რომ ერთმანეთი შევიძულოთ.

     

ესაუბრა  ზაირა მიქატაძე