“ნაცმოძრაობის” მიერ გაცემული დაპირება არის პოპულისტური!”

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაცემულ საარჩევნო დაპირების შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ გაცემული დაპირება პოპულისტურია და მათი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა განუხორციელებელია.

“წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ხშირად ისმის საკმაოდ გაუაზრებელი და ტყუილზე დაფუძნებული დაპირებები. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაცემული დაპირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება, შეფასდეს პოპულისტურ დაპირებად.

რამდენადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, სამუშაო ადგილები ერთ მილიონ 814 ათასიდან 1 მილიონ 724 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, “ნაციონალების” 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, სამუშაო ადგილების რაოდენობამ, 90 ათასით იკლო. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, პროცენტულ გამოხატულებაში, 2003 წელს, ქვეყანაში უმუშევრობის დონე, 11,5% იყო, ხოლო 2012 წელს, უმუშევრობამ 15% შეადგინა. ამდენად, აბსოლუტურად გაუგებარია, რა იწვევს აღნიშნული პარტიის დაპირებებში მსგავსი ოპტიმიზმის საფუძველს. მათ არ აქვს სამუშაო ადგილების შექმნის გამოცდილება.

გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობა” ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, გარკვეული  საგადასახადო რეფორმების შედეგად ვარაუდობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალური საგადასახადო სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და პრაქტიკა აჩვენებს, რომ გადასახადების შემცირებას, დასაქმების კუთხით ასეთი ეფექტი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ნაცმოძრაობის” მიერ გაცემული დაპირება არის პოპულისტური”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

კომენტარის დატოვება