“ევროპა ჩვენი სახლია” ქუთაისში 9 აპრილის მემორიალისათვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

დავით ცხვარაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” ქუთაისში 9 აპრილის მემორიალისათვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გია გოქაძე აცხადებს, მემორიალის გადატანის მთავარი მიზეზი ქალაქის მერის შოთა მურღულიას ბიზნეს ინტერესებია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მემორიალის გადატანის გადაწყვეტილებას ქალაქის მერი რესტორნის არსებობის აბსურდული მიზეზით ამართლებს. მისივე თქმით, მერიას გააჩნია ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური და განყოფილების წარმომადგენლებს შეეძლოთ დაეჯარიმებინათ რესტორნის მფლობელი მაგიდების მემორიალთან განთავსებისათვის.

იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მერი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის და ქალაქის საკრებულოც არ შეეწინააღმდეგება “ევროპა ჩვენი სახლია” არასამთავრობოებთან მოლაპარაკებას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ მემორიალური ძეგლის გადატანა ქალაქის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე გადაწყდა. მისი განთავსების სავარაუდო ადგილად კი ცენტრალური ბაღი განიხილეს.

კომენტარის დატოვება