„ჩვენთან პურს მეპურის გარდა ყველა აცხობს! ნეპოტიზმით დასაქმებულები არაპროფესიონალები! როდემდე!“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ნანა ხომასურიძე

“დიადი იმედების ათასწლეული”

-ისევ გლოვის დღეა საქართველოში და ისევ ვიღაცის უცოდინარობის, დაუდევრობის თუ გულგრილობის გამო! ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს!

მე დედა ვარ, მრავალშვილიანი დედა და მტკივა! ჩვენს ქვეყანაში სიკვდილი უკვე ყოველდღიურობის თანამდევი გახდა! ახალი წლიდან დღემდე რამდენი გარდაცვალება და ტრაგედია მოხდა! ავარია, მანქანაში ჩამწვარი ბიჭები, მკვლელობა, თვითმკვლელობა, ვირუსი, აფეთქება და ვინ მოთვლის….

სტიქიის დროს რომ ადამიანები იღუპებიან, სტიქიაა, ადამიანი, რაც უნდა განვითარდეს, ბუნებასთან ბრძოლაში უძლური რჩება! მაგრამ ჩვენ თავად რომ ვკლავთ და ჩვენივე უპასუხისმგებლობით სიკვდილის ეშაფოტზე აგვყავს, ეს უკვე დანაშაულია!

ახლა ერთ კონკრეტულ კომპანიაზე და ტრაგედიაზე არ მაქვს საუბარი, ეს პრობლემა გლობალურია! იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან პურს მეპურის გარდა ყველა აცხობს! არაპროფესიონალები ნეპოტიზმით დასაქმებულები, იცით როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს, აი დიდი მიხეილ ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 1924 წელს რომ წერდა:

„დღეს ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს, ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს, ხოლო მეორე ხალხსა სწამლავს!”

„დიადი იმედების ათასწლეული“ მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას. ამჟამად აფეთქებულ სახლში ლაბორატორია მუშაობს-გასაჯაროვდეს დასკვნის პასუხები, გასაჯაროვდეს შენობის ვარგისიანობის დასკვნა, ასევე სასწრაფოდ მოეთხოვოს პასუხი გაზმომარაგების კომპანიას და დაწესდეს გამკაცრებული რეგულაციები!

გაეროს შოკისმომგვრელი დასკვნაო-ბობოქრობს ერი, გაეროს დასკვნა რად გვინდა, ჩვენც ხომ ვხედავთ ყოველ დღიურად ახალგაზრდები ტოვებენ წუთისოფელს!

დღეს გვმართებს ერთად დგომა-იქნებ დედებმა ვიხსნათ ჩვენი შვილებიც და ქვეყანაც! ეს ყველას ტრაგედიაა, მთელი ერი ახლა ფეხზე უნდა დადგეს და მოითხოვოს რეგულაციების გამკაცრება, რადგან არ ვიცით რა მოგველის 5 წუთის მერე!“