ქართველი პოლიტიკოსები მთავრობას -შევიტანოთ ოკუპირებულ ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთი

ოკუპირებულ ცხინვალში ამინდის გაუარესების გამო გზა უკვე მე-7 დღეა ჩაკეტილია. არ ხედხდება პროდუქტისა და მედიკამენტების შეტანა, რის გამოც მაღაზიებში პირველადი მოხმარების საგნების მარაგი იწურება, მედიკამენტები არ არის აფთიაქებშიც.

შექმნილ მდგომარეობას „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ეხმაინება და პრემიერსა და ჯანდაცვის მოუწოდებს კრიზისის მოგვარებაზე ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ.

„ცხინვალში, სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას და სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არის ცხინვალი და ეს კატასტროფა შეიძლება დღე დღეზე იყოს. ბავშვთა საკვები არის გათავებული, მედიკამენტები თითქმის აღარ არის საავადმყოფოებში, მათ შორის სამშობიაროებშიც. მე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, რომ გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ შორის და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და ჩვენ გამოვძებნოთ რესურსები, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შევიტანოთ ჩვენი მხრიდან ცხინვალის რეგიონში,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც. ის საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ცხინვალში ჩვილი ბავშვებისთვის საკვების მიწოდებისკენ მოუწოდებს.
,,მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა მიეწოდოს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. ის ბავშვები ჩვენი შვილებია, ჩვენი მოქალაქეებია, ისინი ჩვენთან იქნებიან და მათ არ უნდა აგონ პასუხი უფროსების შეცდომებზე, ჩვილობის ასაკში.“ _ აცხადებს შალვა ნათელაშვილის

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ გზების გახსნა შაბათიდან მოხდება, თუ ამინდი არ გაუარესდა.