“უნდა ჩაეძიონ და დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში“

„საქმე ეხება პარლამენტის წევრს. აქედან გამომდინარე, პირადად მე ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების ფაქტის კომენტირებისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს მაქსიმალურად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.

„პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება,  რა თქმა უნდა, ამორალურია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს  რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს ვინ არის ასევე სხვა მოწმეები, არიან თუ არა სხვა მოწმეები ამ ყველაფრის. უნდა ჩაეძიონ და აუცილებლად უნდა დადგინდეს ზედმიწევნით, ზუსტად, ის თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ფეისბუქით ხდებოდა ამ  ინფორმაციის გავრცელება ან სატელეფონო საშუალებით, მითუმეტეს ძალიან მარტივი უნდა იყოს ამის გამოძიება.

„შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ბოლომდე ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიძიონ ვინ ავრცელებდა ასეთ რამეს თუ ავრცელებდა.

ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ჩემს პირად როლზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე. ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული, მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტის წევრს თუ ეხება საქმე, იქ განსაკუთრებულად უნდა დავინტერესდე, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ასეთ ამორალურ აქტს, იქ ნებისმიერ შემთხვევაში გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.