სერგო ჩიხლაძე – აბსურდია, გამოძიება დაიწყო არა იმაზე, რომ მოზარდებს ატერორებდნენ, ცემდნენ, „დაბრედვას“ უპირებდნენ, არამედ ვინ გაბედა და ვინ ჩაწერა ბერა და ღარიბაშვილი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება თავიდანვე არაობიექტური იქნება.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება დაიწყო არა შინაარზე არამედ, იმაზე „ვინ გაბედა და ვინ ჩაწერა ბერა და ღარიბაშვილი“.

„ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რატომ არ აქვს აზრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რაიმე სახის საგამოძიებო კომისიებში მონაწილეობის მიღებას. აბსურდია, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ გამოძიება დაიწყო არა იმაზე, რა შინაარსიცაა, მოზარდებს ატერორებდნენ, ცემდნენ, ვიღაცას „დაბრედვას“ უპირებდნენ, რომ გაერკვიათ, ეს მართალია თუ არა, დაიწყეს იმაზე, ეს ჩანაწერი რატომ გაკეთდა და ვინ ჩაიწერაო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს გამოძიება თავიდანვე არაობიექტური იქნება. მათ უბრალოდ ფასადურადაც კი არ დაიწყეს ამ ფაქტებზე გამოძიება. ისედაც ხომ ვხედავთ, რომ ამ ფაქტების გარდა, ცოცხალი მოწმეები გამოდიან და საუბრობენ მსგავს ზეწოლებზე, რაც კიდევ უფრო ადასტურებს, რომ იქ მონათხრობი არის რეალობა. ამაზე არ იწყებენ გამოძიებას და იწყებენ ვინ გაბედა და ბერა და ღარიბაშვილი ვინ ჩაწერაო“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ეს კრიტიკულ მედიაზე იერიში, ჩიხლაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულ მედიაზე იერიში სულ მიაქვს.

„ეს მისი ჩვეული ცხოვრების რეჟიმია. მე არ მგონია, ამ შეტევამ, მსგავსმა მცდელობებმა მედიასა და მედია მენეჯერებზე „ქართული ოცნებისთვის“ რაიმე სახის პოზიტიური შედეგი გამოიღოს. ამით ვერც მედიას გააჩერებენ და ამ ფაქტებსაც ვერ დამალავენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.