მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

„ზემდგომი ინსტანციის იმედი არ გვაქვს. ამ საქმეს სტრასბურგში, ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოში  გავასაჩვრებთ.

სასამართლოს 2 კვირის ვადა აქვს, რომ თავისი განაჩენი დაასაბუთოს, მანადე კი, ორ კვირაში, ჩვენ  გავასაჩივრებთ.

მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება ცალსახად მონობის გამოვლინება იყო. რატომღაც გვქონდა დადებითი ვერდიქტის იმედი, თუმცა რა სახელმწიფოშიც ვართ ის შედეგი დადგა.

არანაირი იმედი არ გვაქვს აქ – არც აპელაციის და არც კასაციის ამიტომ საქმე წავა სტრასბურგში,“ – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურვამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.