„ვაცალოთ მოსწავლეებს თავისუფლად განვითარდნენ და სწორედ ამისთვის დავეხმაროთ…“

გია მურღულია

-მიაქციეთ ყურადღება? – ფინელები გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ სწავლების აკადემიურ მხარეს, ვიდრე აღზრდას, შემოქმედებითობასა და განვითარების პირად გამოცდილებად გადაქცევას.

ფინური პედაგოგიკა და საგანმანათლებლო კულტურა, გარდა მეცნიერებისა, პასუხისმგებლობა და სიყვარულიც არის. სწორედ ამიტომაც მასწავლებლები საზოგადოების ელიტად მიიჩნევიან, სკოლებს შორის მცირე განსხვავებაა და მათი ნდობის ხარისხი ძალიან მაღალია.

“მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვში რაღაც კარგი დავინახოთ და განვავითაროთ ეს კარგი”, – ამბობენ ფინელი მასწავლებლები.

ჩვენ ლამის მთელ დროს საგნების სწავლებას ვახარჯავთ და ნაკლებად ვზრუნავთ იმაზე, რომ მოსწავლეები რეალური ცხოვრებისთვის მოვამზადოთ. ამასთან – ვაცალოთ მათ, თავისუფლად განვითარდნენ და სწორედ ამისთვის დავეხმაროთ.

ბოლო 30 წელიწადია ამაზე ვლაპარაკობ და რა მახსენდება, იცით? უბრალოდ – ერთი იგავი:

ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა იერუსალიმში დაინახა, რომ ხანდაზმული კაცი ყოველდღე გოდების კედელთან ორჯერ მიდიოდა და ლოცულობდა – დილით და შუადღის შემდეგ. დაინტერესდა, იმ კაცს გაეცნო და ჰკითხა:
– დიდი ხანია, აქ სალოცავად დადიხართ?
– დიახ, 40 წელიწადია.
– და რაზე ლოცულობთ, რას ევედრებით ღმერთს?
– დილას მოვდივარ და უფალს ვთხოვ, ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გონივრულად და სიყვარულით ცხოვრობდეს, წარმატებული, შეძლებული და ბედნიერი იყოს. შემდეგ სახლში ვბრუნდები, ყავას მივირთმევ, ვიძინებ და ვისვენებ. მოგვიანებით ისევ მოვდივარ და ვლოცულობ, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობა, სამართლიანობა და სათნოება სუფევდეს.
– და რას გრძნობთ ამდენი ხნის გასვლის შემდეგ?
– ისეთი განცდა მაქვს, თითქოს 40 წელიწადია კედელს ველაპარაკები