6 თებერვალს ზაზა სარალიძე თადუმაძესთან შეხვედრას გეგმავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ 6 თებერვალს მთავარ პროკურატურაში მისვლას და შალვა თადუმაძესთან შეხვედრას  გეგმავს.

„გენერალურ პროკურორს, ბატონ თადუმაძეს ჩემმა უფლებადამცველმა ცენტრმა მიმართა წერილობით, რომ გვინდოდა მასთან შეხვედრა. თუმცა სამწუხაროდ, იმათიდან არც უარი მიგვიღია და არც დასტური. 6 თებერვალს, დღის 12:00 საათზე მივდივართ მასთან შესახვედრად და იმედია არ დაგვემალება და შეგვხვდება და ასევე გაგვცემს იმ კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს, რა კითხვებიც ამ ერთი წლის მანძილზე არის დაგროვილი,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შვილმოკლული მამა ამ დრომდე ითხოვს პასუხს კითხვაზე, თუ ვინ არის მისი შვილის მკვლელი. ზაზა სარალიძის თქმით, მან მიმართა მთავარ პროკურორს შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.