კალაძის „კარი ღიაა“ და ბესელიას პასუხი…

ვინ როგორ გაიგო პოლიტსაბჭოს განცხადება და თავად მმართველმა პარტიამ როგორ განმარტა. უმრავლესობის წევრთა თქმით, ეს რეალობისადმი გუნდური მიდგომაა, გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ ახლა უფრო გრძნობს, რომ ღირებულებებით კოლეგებს ძალიან დაშორდა. პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე წასვლის მსურველებს ეუბნება, რომ კარი ღიაა.

“გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს. შეუძლებელია ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას – ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია – შეუძლიათ დატოვონ გუნდი”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

კალაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა ეკა ბესელია, რომელმაც თქვა, რომ აღარ არის პარტიიდან გარიცხვაზე, თითის დაქნევასა და დატუქსვაზე საუბრის დრო. ამასთან, ბესელიამ კალაძეს მოუწოდა, რომ “მშობლის როლიდან გამოვიდეს”.

“რაღა დროს გარიცხვაზეა საუბარი. მგონია, რომ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პროცესია და სხვა ეტაპზე გადავედით. საზოგადოება გაიზარდა და არ მგონია, რომ ასეთი კატეგორიებით უნდა საუბრობდეს მმართველ პარტიაში ვინმე. თითის დაქნევები და დატუქსვები არ უნდა იყოს. ვგავართ იმ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არ მგონია, რომელიმე ჩვენთაგანი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. მშობლის როლიდან გამოვიდნენ და ზრდასრული როლიდან ელაპარაკონ საზოგადოებას”, – თქვა ბესელიამ.