„22 მარტს, პირველად საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, ინტერპელაციის წესით, მოვუსმენთ პრემიერს”

„22 მარტს, პირველად საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, ინტერპელაციის წესით, მოვუსმენთ საქართველოს პრემიერმინისტრს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე, პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისი შეფასებით,  რეგლამენტის შემუშავების პროცესი რთული იყო, რომელიც პარლამენტმა წარმატებით განახორციელა. ირაკლი კობახიძემ სამუშაო პროცესის ხელმძღვანელს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ  კონსტიტუციასთან რეგლამენტის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა და იმ ახალი ინსტრუმენტების დანერგვა პრაქტიკაში, რომელიც კონსტიტუციაში იყო განსაზღვრული, მაგრამ, რეალურად, ამასაც გასცდა რეგლამენტი და  დაინერგა დამატებითი, ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ეს პირველ რიგში, სწორედ ოპოზიციის გაძლიერებულ პოზიციებზე აისახება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ზედამხედველობის სფეროში დანერგილი  ახალი მექანიზმები პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის კიდევ უფრო აქტიურად განხორციელებას უზრუნველყოფს.

„ეს არის ძალიან დახვეწილი, ევროპული სტანდარტების დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის ეფექტიან და გამართულ ფუნქციონირებას. რაც შეეხება ზედამხედველობის პრაქტიკაში განხორციელებას – უკვე ვხედავთ, რომ  ახალი კონსტიტუციის და რეგლამენტის შედეგები ხელშესახებია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ უკვე გვქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მოდის ამ კვირაში როგორც კომიტეტზე, ასევე, პლენარულ სხდომაზე, სწორედ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი გახსნის ახალ ფორმატს – მინისტრის საათის ფორმატს და ესეც მოხდება ამ კვირაში, პარასკევ დღეს. 22 მარტს, პირველად, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, ინტერპელაციის წესით, მოვუსმენთ საქართველოს პრემიერმინისტრს. ეს ხდება ძალიან მოკლე პერიოდში, რეგლამენტი არის ახალი ამოქმედებული, გვაქვს მეორე სამუშაო კვირა და ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე ასე აქტიურად წარიმართება ზედამხედველობის პროცესი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ახალი კონსტიტუციის დამსახურება და რაც არის ასევე, ახალი რეგლამენტის დამსახურება.  შესაბამისად, პრაქტიკაში უკვე ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს, და ასე გაგრძელდება მუშაობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, დღეს არსებული ვითარება  რადიკალურად განსხვავებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებულ მდგომარეობამდე.