ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, სტუდენტები აქტიურ ბრძოლას იწყებენ…

გიორგი ქადაგიძე სტუდენტებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აღდგენას და უნივერსიტეტის ფინანსების განკარგვის გამჭირვალობას ითხოვენ.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/54444-2/

ულტიმატუმის 24-საათიანი ვადა უკვე ამოიწურა,  სტუდენტები აქტიურ ბრძოლას იწყებენ. ისინი ამბობენ, რომ ბიზნესსკოლის ხელმძღვანელად გიორგი ქადაგიძის დარჩენა მათთვის პრინციპულია, რადგან თანამდებობაზე ყოფნისას ქადაგიძემ ბევრი რამ შეცვალა. ახალგაზრდების ნაწილმა კი ბიზნესსკოლაში მხოლოდ იმიტომ ჩააბარა, რომ მიმართულებას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.

ილიაუნის ყოფილი დეკანი, გიორგი ქადაგიძე კი ამბობს, რომ სასწავლებლის რექტორატმა არ შეასრულა მთავარი დამკვეთის – სტუდენტების, მოთხოვნა.

„სტუდენტების გადახდილი თანხით ფინანსდება ყველა და ყველაფერი. ისინი არიან ჩვენი მთავარი აქციონერები და ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მათი დაკვეთა,“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ქადაგიძემ გადაცემა „არჩევანში“  იმ პრობლემებზე ისაუბრა რომელიც ილიაუნშია. მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ბიზნესსკოლის რეფორმირება გადაწყდა ისე, რომ ამის შესახებ საბჭომ არაფერი იცოდა.

„პირველი იმეილი იყო 18 იანვარს ბიზნესსკოლის იმეილზე ადრესირებული, სადაც რექტორი იწყებს იმეილს პირდაპირ ამ სიტყვებით – “დაიბადა იდეა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახდეს ბიზნესსკოლის ნაწილი”. რაც არის აბსოლუტურად განსხვავებულ რამ იმისგან, რაც სინამდვილეში მოხდა. სინამდვილეში არა ბიზნესსკოლის ნაწილი გახდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, არამედ ახალი პროგრამები და ახალი ფაკულტეტები დაემატა მთლიანად, რაზეც საუბარი არ ყოფილა, არც განხილული ყოფილა ბიზნესსკოლის საბჭოსთან,“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც „არჩევანში“ გაჟღერდა, ქადაგიძე ილიაუნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით ინტერესდება. ყოფილი დეკანი აცხადებს, რომ 60-მილიონიანი ბიუჯეტის განკარგვა გაუმჭირვალედ ხდება.

ქადაგიძეს არ ეთანხმება ილიაუნის რექტორი.

გიგა ზედანია აცხადებს, რომ ბიუჯეტი მთლიანად გამჭირვალეა და ამასთან, სასწავლებელს ყოველ წელს ამოწმებს სახელმწიფო აუდიტი. მისივე თქმით, ბიუჯეტზე ინფორმაცია ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია.  გიგა ზედანია აცხადებს, რომ თავად ბიზნესსკოლას არ წარმოუდგენია წლიური ბიუჯეტი ადმინისტრაციისთვის.