„შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას…“ – ჟენევაში შეხვდერა იმართება

დღეს ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მთავარი თემა ტვირთების საბაჟო მონიტორინგის საკითხი იქნება. როგორც ცნობილია, ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი საბაჟო დერეფნების პრაქტიკულ ამოქმედებაზე 2017 წლის 8 თებერვალს პრაღაში შეხვედრისას შეთანხმდნენ. მაშინ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართულმა მხარემ ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა. რუსულ მხარეს შესაბამის შეთანხმებაზე მუშაობა კიდევ მოუწევს. კონტრაქტის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებაში მხარეებს შვეიცარიელი კოლეგები ეხმარებიან.

შვეიცარიის საგარეო უწყებამ სხდომასთან დაკავშირებით პრესრელიზიც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს საბაჟო შეთანხმების განხორციელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება-საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

დავით ზალკალიანის განმარტებით, ინფორმაცია მცდარია და მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია. საკითხზე კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი განმარტებით, შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას. საუბარია მხოლოდ შვეიცარიელი ექსპერტების მიერ ტვირთების მონიტორინგზე.

ცნობილია ისიც, რომ სავაჭრო დერეფნებს საერთაშორისო ტენდერით შერჩეული შვეიცარიული კომპანია SGS-ი გაუწევს მონიტორინგს.