„ლათინური ამერიკის გაზაფხული“ – ვენესუელას ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

-თანამედროვე ეკონომიკური სამყაროს გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკური და პოლიტიკური კონფრონტაცია, საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, სავაჭრო წესებისა და მრავალმხრივი შეთანხმებების ეროზია.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ავანგარდი სახელმწიფოები თავიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ მცირე სახელმწიფოების მხარდაჭერით. ძლიერი სახელმწიფოები სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, თავიანთ ორბიტაზე იზიდავენ ქვეყნებს სავაჭრო შეთანხმებებით, პრესტიჟის გლობალური მიზნებით, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირებით, თავდაცვითი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით.

თვალსაჩინოა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გეოპოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკურ რყევები. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია დასავლეთ ნახევარსფერო.

აღსანიშნია, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში, ამერიკის შეერთებული შტატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლათინურ ამერიკის ინტერესების დაცვა ლათინო ამერიკული პოლიტიკითა და პროგრამით, როგორც ბიზნესის მიმართულებით ისე სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით.

სტატიის ძირითად მიზანს წარმოადგენს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობის წარმოჩენა. კერძოდ, ვენესუელას ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ანალიზი.

 

ბოლო წლებში, ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობის საკითხი გახდა ახალი კრიზისის დასაწყისი. რეგიონის აქტორებმა დასაწყისშივე უარყვეს 2018 წლის არჩევნების შედეგები, რომლითაც მადურომ საპრეზიდენტო მანდატი მეორედ მოიპოვა. შედეგად, მადუროს მთავრობა იზოლირებული გახდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროსთვის. ამის პასუხად, Lima Group-ს ქვეყნებმა, აშშ-მ, ავსტრალიამ, საქართველომ ვენესუელას კანონიერ პრეზიდენტად ოპოზიციონერი ხუან გუაიდო სცნო. ევროკავშირმა მოითხოვა ხელახალი არჩევნების ჩატარება. დიდი ბრიტანეთმა, გერმანიამ  და ესპანეთმა,  ევროკავშირს, ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარებისკენ უბიძგა.

დღეს, ვენესუელა ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაშია (Freedom House, worldpopulationreview.com). ნავთობით მდიდარმა მადუროს რეჟიმმა კრახი განიცადა ცუდი მართვის გამო, თუმცა წარმატებას მიაღწია რეპრესიების, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, იზოლაციონიზმის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის (მათ შორისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა) მიმართულებით.

მადუროს მიერ ვენესუელას სოციალისტურმა რეჟიმის ხელმძღვანელობის პირობებში ეკონომიკა შემცირდა – 16.6%-ით (2017 წელს). 2014-2018 წწ-ში ვენესუელას ეკონომიკა  448 მლრდ დოლარიდან შემცირდა 96.3 მლრდ დოლარამდე . ინფლაციამ მიაღწია 1.7 მლნ %-ს. ეროვნული ვალუტის კურსი რეკორდულად დაეცა  და 1 აშშ დოლარი 248,567.80  ვენესუელის ბოლივარი გახდა (2.02.2019). დეფიციტი შეიქმნა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ხოლო წყლისა და ელექტროენერგიის უკმარისობამ კიდე უფრო დაამძიმა მდგომარეობა. მძიმე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ფონმა მოსახლეობა ქვეყნიდან გააქცია.

აღსანიშნია, რომ ვენესუელას შემოსავლის ძირითადი წყაროს ნავთობის ექსპორტი წარმოადგენს, ხოლო ყველაზე მსხვილ შემყიდველს აშშ. უკანასკნელ ათწლეულში, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების გაგრძელების გამო, მკვეთრად შემცირდა ექსპორტის მოცულობა. კერძოდ, თუ 2008 წელს აშშ-ში დღეში 1.2 მლნ ბარელის ექსპორტი ხორციელდებოდა, 2017 წელს მხოლოდ 500 ათასი ბარელი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა.

არსებულ მოცემულობაში, აშშ-მა მკაცრი სანქციები აამოქმედა ვენესუელას ნავთობის სახელმწიფო კომპანიების მიმართ. დემოკრატიის აღდგენის მიზნით, წნეხის ქვეშ მოექცა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო.  სანქციები შეეხო PDVSA-ს (Petroleos De Venezuela SA). მოხდა მისი 7 მლრდ აქტივის დაბლოკვა და გავლენა იქონია 11 მლრდ დოლარის საექსპორტო ზარალზე. ასევე, სანქციები შეეხო PDVSA -ს შვილობილი კომპანიის Citgo-ს აქტივებს აშშ-ში.

ხაზგასასგმელია, რომ იანვრის ბოლოს, აშშ-ში ვენესუელას ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველებიდან (Valero Energy, CorpChevron Corp და  Citgo,.)  PDVSA-სთან  კონტრაქტი შეწყვიტა Valero Energy Corp-მა  და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მომარაგებისთვის ალტერნატიული წყაროების ძიება დაიწყო. Chevron Corp-მა თანამშრომლობა გააგრძელა „მოსალოდნელი რისკების“ გათვალისწინებით, თუმცა ალტერნატიული წყაროების გეგმა მაინც შეიმუშავა. ხოლო Citgo-ს, რომელსაც ვენესუელელი მფლობელები ჰყავს და ამერიკულ ოპერაციებს ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით (ტეხასში, ლუიზიანასა და ილინიოსში), დაუწესდა სანქციები. აღნიშნული სანქციებით, კომპანია Citgo ვალდებულია ვენესუელას ნავთობის ანგარიშსწორების თანხები განათავსოს აშშ-ში, ანგარიშებზე, რომელზედაც მადუროს წვდომა არ ექნება.

მკაცრი ფინანსური სანქციების მოტივი შეთანხმებულია ვენესუელას თვითგამოცხადებულ დროებით პრეზიდენტთან ხუან გუაიდოსთან.

აღნიშნული სანქციები ერთგვარი პრევენციაა იმ მნიშვნელოვანი პროცესებისა, რომ:

  1. არ დაუშვან მადუროს მიერ ხაზინის დაცარიელება;
  2. ნავთობის ექსპორტიდან  მიღებული შემოსავლები გამოყენებული არ იქნას  მადუროს პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნების დაფინანსებისათვის;
  3. ფინანსური რესურსით ისარგებლოს მხოლოდ გუაიდოს ლოიალურმა ძალებმა, ვენესუელას მოსახლეობამ და მომავალმა ლეგიტიმურმა მთავრობამ;

პროგნოზით, სანქციებს გავლენას არ უნდა  მოეხდინა სამომხმარებლო ფასებზე, თუმცა ნავთობის ფასები 2%-ით გაიზარდა. გასათვალისწინებელია, რომ სანქციებმა მნიშვნელოვანი „დარტყმა“ მიაყენა  მექსიკის ყურეში ნავთობმომპოვებლებს, რომლებიც მნიშვნელოვან თანხებს კარგავენ და წყაროების დევერსიფიცირებას უფრო მაღალ ფასში, ახალო აღმოსავლეთიდან აპირებენ.

არსებითია აღინიშნოს, რომ ვენესუელას პოლიტიკურმა და იდოლოგიურმა გაუცხოებამ აშშ-სთან, გამოიწვია მზარდი სიახლოვე „რევიზიონისტ“ სახელმწიფოთა ჯგუფებთან რუსეთთან და  ჩინეთთან. ჩინეთმა 2008 წელს 70 მლრდ დოლარის სესხი მისცა, რომლის დიდი ნაწილი უნდა დაბრუნდეს  ნავთობით. ხოლო რუსეთმა 2006 წელს ხელი მოაწერა შეიარაღების კონტრაქტს 11 მლრდ დოლარის ოდენობით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მადუროს მხარდამჭერია: კუბა, ბოლივია, სალვადორი, ნიკარაგუა, ურუგვაი, მექსიკა. ასევე, ვენესუელას მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი, ეგვიპტე, სირია, ერაყი, ვიეტნამი, ბელარუსი.

არაკომპეტენტური მმართველობის ფონზე, მადურო:

  • არ ჩქარობს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას;
  • საერთაშორისო მედიატორების თანდასწრებით გამოთქვამს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზაობას;
  • პირად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კოლუმბიის და აშშ-ის პრეზიდენტებს აკისრებს;
  • PDVSA-ს უთითებს, Citgo-ს აქტივების და საკუთრების დაცვის მიზნით, საერთაშორისო სასამართლოში პოლიტიკური და იურიდიული მოქმედება დაიწყოს აშშ-ს წინააღმდეგ;
  • საერთაშორისო „ზეწოლის“ ფონზე, 2 თებერვალს სამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, მზადყოფნა გამოხატა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

ამრიგად, რეგიონული პოლიტიკური სურათი გვიჩვენებს, რომ თუ ქვეყნის სათავეში ახალი პოლიტიკური ლიდერი დროულად არ მოვიდა და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია არ მოხდა, ან საომარი ხაზის გავლება მოხდება ან ადგილი ექნება სცენარს „ლათინური ამერიკის გაზაფხული“.