საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ჩამოდის

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10-11 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი, ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს.

„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.