დღეს ვუყურებთ “მალალეტკა” და ძველი პარლამენტარების ომს…

როგორც გადაცემა „პირისპირში“ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ის ნამდვილად ქმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას და საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლას აპირებს.

პარტიის სახელი “კანონი და სამართალი” იქნება. თაკო ჩარკვიანის თქმით, ქვეყანაში კანონი უზენაესი არ არის და არ არის არც სამართალი. მისი თქმით, პარტიაში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც “შეწუხდნენ”.

“ქვეყანაში დიდი სტაგნაციაა, უძრაობაა, თორემ ამდენ ხანს შვილმკვდარი მამები ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ”, – თქვა ჩარკვიანმა.

ახალი პარტიის ლიდერის თქმით, ისინი არცერთი პარტიის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას არ აპირებენ:

“მე მწვავე ოპოზიციაში ვიყავი და ის ხელისუფლება გავისტუმრეთ, წავიდა ის ხელისუფლება. მეშვიდე წელი იწყება, ორი წელი დარჩათ ამათ, რომ ზუსტად ის პერიოდი ამოავსონ, რამდენ ხანსაც ნაციონალური მოძრაობა იყო. ყველაფერი რაც ყოფილი ხელისუფლების დროს კარგი გაკეთდა, ამათმა არაფერი არ გადმოიღეს, თუ რამე ცუდი იყო – ყველაფერი გადმოიღეს. ეს მოგვართვეს ჯამში. დღეს ვუყურებთ “მალალეტკა” და ძველი პარლამენტარების ომს. გარეთ მოხუცებს უჭირთ, საგანმანათლებლო პროგრამები არ არის, ამ დროს პარლამენტში ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ განათლება უკეთესი იქნება თუ გამოცდებს გავაუქმებთ და გამრავლება იქნება.. სასაცილო მდგომარეობაშია ქვეყანა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის თქმით, მათ  უკვე 5 კანონი აქვთ დამუშავებული, რომლის ინიცირებაც სურთ. ისინი ხაზს უსვამენ ანტიკორუფციული კანონის ამუშავების აუცილებლობას.

“ჩვენს ყველას გვიხილავთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად და კიდევ შემოგვემატება რამდენიმე პარტია”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.