მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსის მინიჭება – ხალხის რეაქცია

მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსის მინიჭებაზე ინიციატივას  საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

 ფიქრია წიკლაური

 სტატისტიკური მონაცემებით ყოველწლიურად საქართველოში 30-40 ათასამდე აბორტი კეთდება. ყველაზე საგანგაშო ფაქტი, რომლითაც  მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის  საქართველო გამოირჩევა, ისაა, რომ 1990 წლიდან 2015 წლის მონაცემებით  ბიჭის ყოლის სურვილის გამო მშობლებმა  32 ათას გოგონაზე თქვეს უარი.

მუცლადმყოფ არასასურველ შვილს ასევე  ის ქალბატონები  და მათი მეუღლეები  იცილებენ, რომელთაც ეკონომიური მდგომარეობა შვილების ნორმალურ პირობებში გაზრდას და მათ განათლებას ვერ უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, არიან ისეთი წყვილებიც,  რომლებიც შვილების გაჩენაზე მხოლოდ იმიტომ ამბობენ უარს, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრი შვილი მათ წარმატებაში ხელს შეუშლით.

 

აბორტის აკრძალვის შესახებპატრიარქმა ერს და სახელმწიფოს თავის საშობაო თუ სააღდგომო  ეპისტოლეებში რამდენჯერმე მოუწოდა, თუმცა ყურად არავინ იღო მისი კურთხევა. უფრო მეტიც, კარგად გვახსოვს ყველას, საპატრიარქოსთან მისულმა რამდენიმე ქალბატონმა სრულიად არაეთიკურ წარწერებიანი ტრანსპარანტებით როგორ გააპროტესტა  მოხუცი მწყემსმთავრის უწყინარი სურვილი.

ორი დღის წინ  სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ახალი ინიციატივა გაახმოვანეს. კერძოდ,  სასულიერო პირები ითხოვენ, ჩანასახს  მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსიმიენჭოს.

საზოგადოებაში ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ერთნი თუ ჩანასახის ხელოვნურად შეწყვეტას  არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან აცილებად მოიაზრებენ, მეორენი რამდენიმე დღის ემბრიონს ადამიანად  თვლიანდა აბორტს მკვლელობად აფასებენ.

ექიმები  აბორტის აკრძალვას არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, ქალი, რომელსაც არასასურველი შვილის მოცილება უნდა, ის გინეკოლოგის  გვერდით ავლით, არალეგალურად, მაინც მოახერხებს ამის გაკეთებას და ჯანმრთელობასაც რისკის ქვეშ დააყენებს.

თამთა ჭანტურია, ექიმი: ეს ძალზედ სენსატიური თემაა. ზოგადად აბორტის აკრძალვა უარეს შედეგებს გამოიღებს. გაჩნდება არალეგალური აბორტები, თუმცა აბორტის საწინააღმდეგო კამპანია აუცილებელია, რაც სამწუხაროდ არ კეთდება დღეს საქართველოში.

48 წლის ლელა: ამ ინიციატივით ყველაფერი მიდის კანონის აკრძალვამდე. რა სტატუსიც არ უნდა მიანიჭონ, ვერაფერს გახდებიან. სამწუხაროდ, მოხდება ის, რომ დაიწყება აბორტის მსურველთა არალეგალურად, ექიმბაშებთან მისვლა, რაც გაზრდის მსხვერპლს. ეს არ არის გამოსავალი. ეკონომიური მდგომარეობა რომ იყოს ნორმალური, შობადობა გაიზრდება. ჩემს შვილს ერთი ბიჭი ყავს, ჩემმა რძალმა კი ახლახანს აბორტი გაიკეთა. უნდათ ბატონო მეორეც მესამეც, მაგრამ მატერიალური მხარე არ აძლევთ ამის საშუალებას. საპატრიარქოს ეს მოთხოვნა დაძალებას გავს. მომცენ იმის უფლება ჩემი ცხოვრება ჩემებურად წარვმართო. შემიქმენი პირობა და მე გადავწყვეტ გავაჩინო თუ არა. კიდევ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსაც რომ კრძალავს,  ეგაც არ მომწონს.

ლელა, მრავალშვილიანი დედა,  50 წლის:  არა აბორტს! მოგისმენიათ 6 კვირის ნაყოფის გულისცემა, როგორ გამალებით ძგერს? განა ამ გულისძგერის გაჩერებით მიღებული თავისუფლება და მატერიალური კეთილდღეობა რამედ ღირს?   ერთშვილიანი ღატაკი გინახავთ? მრავალშვილიანი შეძლებული? არც მამაოს მეუღლე ვარ და არც მისი შვილი. ტრადიციებზე გაზრდილი, ურწმუნო კაცია ჩემი ქმარი. ავადსახსენებელი 90-იანი წლების მიწურულს გავთხოვდი. უფალს მინდობილი ვაჩენდი შვილებს. რამდენი შვილიც გვემატებოდა, იმდენი სამსახური ემატებოდა ჩემს მეუღლეს. გაათმაგებული შრომის ხარჯზე ეკონომიურად საკმაოდ გავძლიერდით. შვილების გვერდით გატარებული თვითოეული საათი რომელ ბედნიერებას და ნეტარებას შევადარო? გაიზარდნენ, შრომა და ერთმანეთზე ზრუნვა ისწავლეს, მშობლების დაფასება ისწავლეს…ჩვენ კი ახლა ვინაზღაურებთახალგაზრდობის წლებში მოკლებულ გართობას…

ანა, 35 წლის:ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე არ დადგეს ხომ? რაც უკვე, ბოლო წლებმა დაგვანახა, რომ თუ არაფერი მოიმოქმედა მთავრობამ,  გარდაუვალია ერის გადაშენება. შობადობა რომ გაიზარდოს,  ევროპის ქვეყნებში, როგორც ვიცი მრავალშვილიანი ოჯახები  პრივილეგიებით სარგებლობენ. არ იხდიან გადასახადებს. ფულად კომპენსაციას აძლევენ და ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც უნდათ რომ ერი გამრავლდეს, მრავალშვილიანებს ბინებსაც ჩუქნიან. ჩვენთან რას აკეთებს ამისათვის სახელმწიფო ან საპატრიარქო? ვის ადარდებს ჩვენი ბედი და ვინ ზრუნავს უმუშევარი მშობლების უფლებებზე? ჯერ მარტო გადასახადები გვწყვეტავს წელში. პურის, წამლების და განათლების შესახებ აღარაფერს ვამბობ. შეგვხვდნენ ახალგაზრდა დედებსაც, მოგვისმინონ, რა გვაწუხებს, რა გვტკივა. დაინტერესდნენ ასეთი უბედური, გაუსაძლისი ცხოვრების პირობებში როგორ ვზრდით  იმ გაჩენილ შვილებს. ეს არავის ადარდებს, სამწუხაროდ.

სალომე 45 წლის: აბორტი ძალიან დიდ ცოდვად მიმაჩნია, ყოველთვის მეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმის. დაუჯერებელია, მაგრამ ჩანასახს უკვე სული აქვს და და რამდენიმე კვირისას – ყველა ორგანო.  ამიტომ ითხოვენ სასულიერო პირები მისთვის მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსის მინიჭებას. ჩვენი პრობლემა იცით რა არის? – ურწმუნოება. არ გვაქვს ღვთის იმედი. თუ უფალს მინდობილი ხარ, ყველა პრობლემას დაძლევ. გადახედეთ ჩვენს მდიდარ ჩინოვნიკებს. რამდენია მრავალშვილიანი მეტყვით? შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი. აქვთ განცხრომა, აგარაკები,  მანქანები,  მაღალანაზღაურებადი სამსახურები, მაგრამ ყავთ ერთი ან ორი შვილი.  მრავალშვილიანი მშობლები უფრო მრევლშია.  ვიცი მამაოები, რომლებსაც 10-12 შვილიც ყავთ. მათ არ აქვთ აწყობილი ცხოვრება, მაგრამ უფალია მათ გვერდით.

ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე კვირის ბავშვი იჩეხება, ნაწევრდება დედის საშოში და ასე სამედიცინო ხელსაწყოების საშუალებით ნაწილ-ნაწილ  იყრება ნაგავსაყრელზე, ან ირეცხება  საკანალიზაციო მილებში, ეს უკვე  იმ ჩანასახის, იმ მუცლადმყოფი ბავშვის უფლების დარღვევაა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წელში მხნელად მოვლენოდა ჩვენს ქვეყანას.

როგორც ვნახეთ საზოგადოების აზრი განსხვავებულია, არავინ დაობს, რომ აუცილებელია პრევენციის ზომების მიღება, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მედიკოსების და აღნიშნულ საქმეში კარგად ჩახედული პირების აზრი, თორემ შესაძლოა შედეგები სავალალო აღმოჩნდეს.