“სტრუქტურით, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, გაცილებით ეფექტურ მმართველობას მივიღებთ”

გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლითაც განახლებულ სამთავრობო გუნდს მომდევნო წლების განმავლობაში მოუწევს მუშაობა. მომხსენებელმა  სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, ჯერ კიდევ 2016 წელს განიხილებოდა პროექტის სახით, დიდი ხანია მთავრობაში მიმდინარეობს აღნიშნული გეგმის განხილვა. მისი თქმით, ცვლილებებით უნდა გაიზარდოს  მთავრობის ეფექტურობა, გამოირიცხოს სამინისტროებსა და უწყებებს შორის გადაფარვები და მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

„იმ სტრუქტურით, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო ეფექტურ მმართველობას მივიღებთ,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს  ხელშესახები პროგრესი არაერთი მიმართულებით და სფეროების მიხედვით ისაუბრა რეფორმებზე და პროექტებზე, რომელიც ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მომავალ საქმიანობაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენი მთავრობის მომავალი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება და ქვაკუთხედი. ჩვენ შევქმნით პლატფორმებს, სადაც შესაძლებელი იქნება ადამიანებმა ცივილიზებულად ისაუბრონ ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებზე, გამოთქვან შენიშვნები იმ ფორმით, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებებში არის მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი სტანდარტები აქედან ჯერ შორს არის, მაგრამ ეს იქმნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, რომ დავამკვიდროთ დიალოგის სტანდარტი და მაქსიმალურად მოვახერხოთ, რომ გავაფართოვოთ იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ასეთ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას“-განაცხადა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა.

„ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ შედეგების მიღწევა, რომელზეც ვსაუბრობთ და ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ მომავალი წარმატებების მიღწევა,“-განაცხადა გამოსვლის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა.