“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს! ეს იქნება გაკვეთილი ყველასთვის”

როგორც საზოგადოებამ უკვე იცის, ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ შეწყვიტა სხდომა, რომელზეც თიბისის ბანკის საკითხს განიხილავდნენ.

მიზეზად მან ბანკისთვის “საფრთხის შემცველი ინფორმაციის” გავრცელება დაასახელა. კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება გუნდთან თათბირის შედეგად მიიღო.

ამ პროცესმა უამრავი კითხვა გამოიწვია. როგორც თავად კაკულიამ განაცხადა, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემოდათ თიბისის დამფუძნებლებს- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ასევე, ოპოზიცია პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, ხოლო კითხვა-პასუხი ეროვნული ბანკის თავმჯდომარესთან აღარ შედგებოდა. საბოლოო ჯამში, კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ თიბისის დამფუძნებლებმა სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხეს.

მომხდარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ეხმიანება და ამბობს, რომ  დღეს ეკონომიკის კომიტეტზე მომხდარი ამბის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უნდა გადადგეს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან და დღეს მან პარლამენტს, ფაქტობრივად, აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. საპარლამენტო უმრავლესობა, ფაქტობრივად, იშლება და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკიც. ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი. ის, ფაქტობრივად, არის ამ გარემოებათა ტყვე, მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, მას არ აქვს საზოგადოების წინაშე ნდობა და ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხდარი ამბის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველასთვის”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.