“მეუფენო, ჩვენ კი არ უნდა გემსახუროთ, თქვენ უნდა გვემსახუროთ ყველას სიყვარულით!..”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

გენიოსი იყო პლატონი და უდაოდ კარგად გრძნობდა კაცთა მოდგმისათვის დამახასიათებელ ბუნებას. ალბათ, სწორედ ამ ამოსავლიდან თქვა მან დღევანდელობისათვის ესოდეს თვალშისაცემი სნებოვნება – “სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველიო”!

ჩვენს საეკლესიო სინამდვილეზე რომ გადმოვიტანოთ, იგივე გვეთქმის. გულდასაწყვეტია, რომ ფაქტობრივად ვერცერთი მღვდელმთავარი ვერ ბედავს სისტემის წინაშე ბოლომდე გულწრფელობას, კონკრეტიკას, ობიექტურობას, უშუალობას, პრინციპულობას, სიმამაცეს, მკაფიო და გასაგებ ენაზე მსჯელობას! არადა, როგორ სასიცოცხლოდ გვწყურია ეს ყველას, როგორ გვენატრება მარტივი ჭეშმარიტების კონსტატაცია და როგორი უეჭველია, რომ თუკი ვინმე იტვირთავს და საკუთარ კომფორტზე უარს იტყვის მოყვასისა და საზოგადო სიკეთის მსახურებისათვის, შედეგი აუცილებლად პროდუქტიული იქნება. როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა: “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლადო”, საზოგადოების სწორედ ამ გახევებულ კერპთაყვანისმცემლობას სჭირდება სიცოცხლისუნარიანი “სინედლე” და რეფლექსია და არა პათეთიკური და მენტორული მსჯელობა. პედაგოგიზმი და მყიფე დიპლომატია დღევანდელ ადამიანს აღარ ნუსხავს. დღეს პირდაპირი მესიჯებისა და რომანტიული პრაგმატიზმის დროა!

ნელთბილობა და ეგოიზმი არ არის ქრისტიანული პასუხისმგებლობის ხელშემწყობი გზა. ჩვენ – თეოლოგებმა ვიბრძოლოთ და ყველა მღვდელმთავარი განზე გადგეს, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდეთ და თავად ჩვენი ნდობა უჭირდეთ, ასე არ გამოვა! არ უნდა დაავიწყდეს არცერთ ეპისკოპოსს, რომ ძალაუფლების წყარო სულიწმინდა კია, მაგრამ ლეგიტიმაციის არეალი – ხალხია! მათი პრესტიჟი, რეპუტაცია თუ ავტორიტეტი მორწმუნეთა ხელთაა…

სისადავე, უბრალოება და უკომპლექსო გახსნილობა – ეს ის კრიტერიუმებია, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მღვდელმთავარს, იმისათვის რათა ამჟამინდელი და თანამედროვე საზოგადოება გაჰყვეს. მორალური სენტენციები, არც მწვადისა და არც შამფურის დაწვა და დიდაქტიკური რიტორიკა ვეღარ მუშაობს! შესაბამისად, ქადაგებები კი არა, ურთიერთობები, დამოკიდებულებები და კომუნიკაციები უნდა მოაწესრიგონ (მრევლში) ჯერ ეპისკოპოსებმა, თავდადებისა და რაღაცის მსხვერპლად გაღების მაგალითი უნდა მოგვცენ და მერე დაიჯერებს და გაიზიარებს მათსას ხალხი! ორმაგი სტანდარტები, შიშნარევი დუმილი თუ ორჭოფი – კონფორმიზმისა და სისუსტის მანიშნებელია!

მეუფენო, ჩვენ კი არ უნდა გემსახუროთ, თქვენ უნდა გვემსახუროთ ყველას სიყვარულით, როგორც ეს მაცხოვარმა ბრძანა: “არა მოველ რაითა გიმსახურო, არამედ მსახურებად თქუენდა და სული თვისი მიცემად სახსრად მრავალთა”! ამ სიტყვების საქმეში აღსრულებით, პოტენციურ მოწამეებად და აღმსარებლებად მოგვიხმო მაცხოვარმა თითოეულთან მიმართებით!

ამრიგად, პრივილეგიები და წოდებრივი უპირატესობა ზემოდან – ქვემოთ მსახურებისთვის ეძლევათ ქრისტეს სამღვდელოთ და არა პირიქით თვითდაჯერებულობისათვის!