გიორგი ქობულია ბიზნეს სექტორს დამსაქმებელთა ასოციაციაში შეხვდება

7 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ეკონომიკისა და
მდგრადი  განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ასოციაციის წევრი კომპანიების
წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა მიზნად ისახავს სამინისტროს მიერ ბიზნეს სექტორის ინფორმირებას 2019
წელს დაგეგმილი აქტივობებისა და პრიორიტეტების შესახებ. კერძოდ, სამინისტროს მხრიდან
პრეზენტაცია გაკეთდება თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების, ექსპორტის
პოტენციალის, ეკონომიკაზე რეგულაციების გავლენის, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების
და უცხოური ინვესტიციების დინამიკის შესახებ.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და ბიზნეს
სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ უშუალოდ ხელისუფლების
წარმომადგენლებისგან მიიღონ პასუხები მათთვის პრობლემურ საკითხებზე.
შეხვედრა, რომელსაც 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, საქართველოს
დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.