“ოცნება” ახალ სახეებს ეძებს…რას ამბობენ პარლამენტში…

„ქართული ოცნება“ განახლებისთვის ემზადება. უკვე არსებული ინფორმაციით ახალ სახეებს პარტიის წევრები ყველგან და განსაკუთრებით რაიონებში ეძებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით რეგიონებში არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა პარტიისთვის საინტერესო აღმოჩდნენ.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ დემარშით წასულების შემცვლელებს სოზარ სუბარი მოძებნის. სუბარი ახლა ლენტეხში იმყოფება და სავარაუდოდ ახალ სახეებს ეძებს.

საზოგადოებაში უკვე 1 თვის წინ დაირხა ხმა, რომ „ოცნების ცენტრალურ ოფისში ახალგაზრდების CV-ს აგროვებენ. ზოგმა უკვე გააგზავნა მონაცემები, ზოგს არ სჯეროდა და ახლა გადაწყვიტა მისვლა.

უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ სოზარ სუბარი საპარლამენტო უმრავლესობის რღვევის პროცესს და მმართველი პარტიის პრობლემებს ვერ უშველის.

„ახალი მეოცნებეების“ ძებნას ოპოზიციაშიც ეხმიანებიან.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ახალი სახეები თავად იკვლევენ გზას პოლიტიკაში და მათ საპოვნელად კომპანიის დაქირავება არ არის საჭირო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეების შესარჩევად მმართველ პარტიაში დაწყებულ პროცესს იუმორით უყურებენ. რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ მალე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მაგიდები მეტროს შესასვლელებთან დადგან და ხალხის შერჩევა დაიწყონ.

როგორ წარიმართება პროცესი და გადაარჩენს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ახალი სახეები, ამას ალბათ უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.