საექსპერტო მხარდაჭერა

პარლამენტის იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ლუიზა ვინტონს   და მის მოადგილე, მუნხტუია ალთანგერელს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

„დღეს გვქონდა გაცნობითი შეხვედრა ქალბატონ ლუიზა ვინტონთან,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, რომელიც  ჩართულია ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი პროექტების განხორციელებაში და ასევე, მის მოადგილესთან, ქალბატონ მუნხტუია ალთანგერელთან. დიდი მადლობა გადაუხადა მათ იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც პარლამენტთან, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან. გავაცანი ის გეგმები, რის განხორციელებასაც ჩვენი კომიტეტი  UNDP-თან თანამშრომლობის ფარგლებში აპირებს. ერთმანეთს გავუზიარეთ ის საკითხები, რაზეც შეგვიძლია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ქალბატონმა ლუიზა ვინტონმა და ქალბატონმა  მუნხტუია ალთანგერელმა  აღგვითქვეს  დიდი მხარდაჭერა როგორც საექსპერტო მხარდაჭერაში მთელ რიგ კანონპროექტებთან  დაკავშირებით, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებაში“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას  იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან  და მის მოადგილესთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.