პარლამენტის შენობა 1 საათით ჩაბნელდა

საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა.

აქციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სასახლის გარე განათება 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.

30 მარტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღი„დედამიწის საათი“ აღინიშნება.

ამ დღეს მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე.

აქციის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი საათით ირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის შენობების გარე ელექტროგანათება.

ღონისძიების მთავარი მიზანია, კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

საქართველო, 2009 წლიდან შეუერთდა მასშტაბურ აქციას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნავს „დედამიწის საათს“.

აქციის ფარგლებში, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, ირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის, მუნიციპალური შენობებისა და სხვადასხვა ტერიტორიების გარე განათებები.

წელს, დედამიწის საათის ორგანიზატორები საქართველოში არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, CENN და WWF კავკასიის ოფისი.