„ჩვენი ჯარი“ სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. III ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სკოლის მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

სამხედროებმა ახალგაზრდებს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებზეც ისაუბრეს. პრეზენტაციის ფარგლებში ახალგაზრდებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები იხილეს და ეროვნული გმირების ისტორიები მოისმინეს. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პროექტს „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტი 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ორ ეტაპად განხორციელდა. „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი კი, რომელიც მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაიწყო, 8 აპრილს დასრულდება. „ჩვენი ჯარი“ მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.