“განსაკუთრებულად რთულია ვითარება აჭარის წინასწარი დაკავების იზოლატორში”

„თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ დაზიანებათა მაჩვენებელი“, – ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში. ნინო ლომჯარია ასევე საუბრობს, რომ განსაკუთრებულად რთულია ვითარება აჭარის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც დაკავების შემდეგ დაზიანებების მიყენების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ გაიზარდა.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქმეების შესწავლამ არასწორი კვალიფიკაციის, დაზარალებულის ჩართვის, დროული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების კუთხით არსებული პრობლემები გამოავლინა. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ომბუდსმენმა 7 წინადადება გააგზავნა, მაგრამ სავარაუდო დამნაშავეთა დადგენა კვლავ ვერ მოხერხდა.

სიცოცხლის უფლებასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას და მანდატის გაფართოებას, რათა ჰქონდეს წვდომა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალებზე, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში პარლამენტს გუშინ წარედგინა. დოკუმენტი 448-გვერდიანია და ის 32 თავს მოიცავს. ანგარიშში გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გრძელდება.