თამარ ტალიაშვილმა სტრასბურში სიტყვით გამოსვლისას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს მიმართა

სტრასბურგში, თამარ ტალიაშვილმა, ევროსაბჭოს რეგიონალური კონგრესის პლენარულ სესიაზე განცხადება გააკეთა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს მიმართა:

„ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ევროპის საბჭოსა და კონგრესს, საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციისა და განგრძობადი წნეხისა, ჩვენ, ქარველი ხალხი არ ვნებდებით და უკომპრომისოდ ვაგრძელებთ ჩვენს ევროპულ გზაზე წინსვლას, საერთო ევროპული ღირებულებების, – დემოკრატიის, სამართლიანობისა და თავისუფლების ერთგულებას“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის 36-ე სესიისაზ ფარგლებში გამართულ საკომიტეტო შეხვედრაზე მონაწილეებს ასევე გააცნო ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ 1990 წლებიდან – დღემდე გატარებულ სამხედრო მოქმედებებზე, მცოცავი ოკუპაციის შედეგებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე. ასევე, ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაზე, დევნილთა საცხოვრებელ და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და მთავრობის სტრატეგიაზე.

ევროსაბჭოს რეგიონალური კონგრესის პლენარულ სესიაზე, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯომარე – გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მცხეთის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენელი – ირაკლი ჭეიშვილი.