ბიბლიოთეკების რეფორმის გზაზე…

თამარ ტალიაშვილი

საკრებულოს დეპუტატი

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ბიბლიოთეკების თანამედროვე შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნის გზაზე.

-მოხარული ვარ, რომ დღის წესრიგში დედაქალაქის ბიბლიოთეკების რეფორმის საკითხი დგას, რაც გულისხმობს თბილისისბიბლიოთეკების თანამედროვე, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნას.

რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თბილისელებს შევუქმნათ კომფორტული და სასიამოვნო გარემო, სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურა.

პირველივე დღიდან, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სტრატეგიული ხედვა მუნიციპალურ ობიექტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიბლიოთეკებთან იყო მოდერნიზება, მათი პოპულარიზაცია და ამ ობიექტების საკუთარი შემოსავლების გაჩენის შესაძლებლობა.

ბიბლიოთეკების რეფორმის გზაზე, ჩამოვთვლი რამდენიმე მიღწევას, რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა და საბოლოოდ, უკეთესობისკენ შეიცვალა თბილისის საბიბლიოთეკო პოლიტიკა. 2014 წლიდან, პირველებმა შევისწავლეთ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობა და ამ მიზნით, არსებული პრობლემების შესასწავლად, ჩავატარეთ შიდა აუდიტი და SWOT ანალიზი. 1986 წლის შემდეგ, პირველად, მოვახდინეთ წიგნადი ფონდის ელექტრონული აღნუსხვა, ბიბლიოთეკის მოძრავი და უძრავი ქონების აღრიცხვა, 2016 წელს კი ბიბლიოთეკაში დავნერგეთ ახალი ელექტრონული პროგრამა.

პარალელურად, განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, კაპიტალურად გარემონტდა და ინვენტარით აღიჭურვა 2 ფილიალი (მთავარი ბიბლიოთეკის ცენტრალური ფილიალი და მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის ფილიალი).

მოგეხსენებათ, რომ პრობლემის მოგვარება მისი შესწავლის შემდეგ არის შესაძლებელი, შესაბამისად, მთელი სისტემის შესწავლისა და ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შემდეგი ეტაპი იყოთბილისის მერიასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობით, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება. ვგულისხმობ მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების შექმნას, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 3 ფილიალს, უახლოეს მომავალში კი  ვარკეთილსა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები აშენდება, ასევე, ვგეგმავთ მცირე მედიათეკებს მზიურის პარკის ტერიტორიაზე და ისანში.

აქვე უნდა აღინიშნოს ორი დიდი პროექტი თბილისში, რომელიც გასულ წლებში განხორციელდა – ეს გახლავთ თანამედროვე, ადაპტირებული მედიათეკების მშენებლობა. ორივე მედიათეკა წარმატებულად მუშაობს, ფუნქციურად დატვირთულია და გახდა საინტერესო ღონისძიების ადგილი. ამ პროექტმა აჩვენა, რომ საზოგადოების ყველა თაობას აქვს დაკვეთა და სურვილი თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცეების არსებობის, სადაც იქნება შემეცნებით-საგანმანათლებლო, კომფორტული გარემო, ინფორმაციასთან წვდომის ტექნოლოგიური საშუალებები. პროფესიული, დარგობრივი თუ ზოგად შემეცნებითი პროექტების განხორციელებისთვის.